რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში ხარისხიანი განათლება? – BMGDRIVE-ს ამ შეკითხვას „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დირექტორი და დამფუძნებელი პასუხობს.
გიორგი მელაძის განმარტებით, საქართველოში განათლება ხელმისაწვდომია და ამას იმ ადამიანების რაოდენობაც ადასტურებს, რომლებიც საშუალო თუ უმაღლეს განათლებას იღებენ, თუმცა მელაძის თქმით, აქ მთავარია ის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია განათლება, რომელსაც საქართველოში იღებენ.
„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დირექტორი იმასაც ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში უმუშევრობაა, თუმცა სწორედ ხარისხიანი განათლების სიმცირის გამო კონკრეტულ მიმართულებებზე სწორი კადრების შერჩევა ვერ ხდება.
„განათლების ხელმისაწვდომობა მაღალია, მაგრამ რამდენად ხარისხიანი და კონკურენტუნარიანია მსოფლიოს მასშტაბით ის განათლება, რასაც საქართველოში იღებენ? აქ შეიძლება ითქვას, რომ საქმე ცუდად გვაქვს.
დღეს საქართველოში უმუშევრობაა. ვისაც არ უნდა ჰკითხო, სამსახურში სწორი კადრი ვერ აჰყავთ. იგივეა ჩემს შემთხვევაშიც. მინდა ბევრი კარგი მასწავლებელი ავიყვანო, მაგრამ არ არის. სანთლით საძებარია კარგი მასწავლებელი. არადა იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი ვინც უმაღლეს თუ საშუალო განათლებას იღებს მაღალია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ“ - აღნიშნავს „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დირექტორი.
ინფორმაციისთვის: როგორც გიორგი მელაძე ამბობს, მიმდინარე წელს ნიუტონის სკოლა დამთავრებულებმა საერთაშორისო უნივერსიტეტებისგან ჯამში 56 მოწვევა მიიღეს. მათ მიერ მოპოვებულმა დაფინანსების მოცულობამ კი 1 020 760 ლარი შეადგინა.