მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ მეცნიერს გადაეცა

61645a911d668
BM.GE
11.10.21 19:37
740
ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ეკონომისტებმა დევიდ კარდმა, ჯოშუა ანგრისტმა და გვიდო იმბენსმა მიიღეს. მათ ეკონომიკური პოლიტიკისა და სხვა მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად „ბუნებრივი ექსპერიმენტები“ გამოიყენეს.

ბუნებრივი ექსპერიმენტი მოვლენების აღსაწერად რეალურ სიტუაციებს იყენებს. მიდგომამ, რომელიც მეცნიერების სხვადასხვა სფეროში გავრცელდა, რევოლუცია მოახდინა ემპირიულ კვლევებში.

სწორედ კარდის 1990–იან წლებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აიძულა მკვლევრები, გადაეხედათ თავიანთი მოსაზრებისთვის, რომ მინიმალური ხელფასის ზრდა დასაქმების დონის შემცირებას ყოველთვის არ იწვევს.

„ბუნებრივი ექსპერიმენტები ყველგანაა“, – აღნიშნა ევა მიორკმა, ალფრედ ნობელის სახელობის მემორიალური პრემიის ეკონომიკური მეცნიერებების საპრიზო კომიტეტის წევრმა პრესკონფერენციაზე იმ გავლენის შესახებ, რაც ამ მეთოდმა ყველა სოციალურ მეცნიერებაზე მოახდინა.

ნობელის ეკონომიკის პრიზები ჩვეულებრივ აშშ–ის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებს გადაეცემა. არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა გამონაკლისი. კარდი ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს; ანგრისტი – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო ჰოლანდიაში დაბადებული იმბენსი – სტენფორდის უნივერსიტეტში.

პრიზი, ფორმალურად ცნობილი როგორც შვედეთის ცენტრალური ბანკის პრემია (Sveriges Riksbank Prize) ეკონომიკურ მეცნიერებებში, ნობელის პრემიის წლევანდელი ბოლო ნომინაციაა. პრიზის სახით გამარჯვებულებს 10 მილიონი შვედური კრონა გადაეცემათ.

კარდმა პრიზის ნახევარი მიიღო „შრომის ეკონომიკაში მისი ემპირიული წვლილისთვის“. ანგრისტმა და იმბენსმა კი მეორე ნახევარი „მიზეზობრივი ურთიერთობების ანალიზში მეთოდოლოგიური წვლილისთვის“.

პრესტიჟული პრიზები მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის შეიქმნა და დაფინანსდა შვედი გამომგონებლისა და ბიზნესმენის, ალფრედ ნობელის მიერ.

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში შვედეთის ცენტრალური ბანკის შემოწირულობებით 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. პირველი პრემია ამ დარგში 1969 წელს გასცეს. ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში ისეთი გავლენიანი ეკონომისტები იყვნენ, როგორიცაა ავსტრიელ-ბრიტანელი ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი და ამერიკელი მილტონ ფრიდმანი.

წყარო:FORBES.GE

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები