ერთპარტიული ლეგიტიმაციით არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ჩვენზე, რათა არ გავაგრძელოთ ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხება ცესკო-ში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირების კავშირებს, - ამის შესახებ „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორმა ნოდარ მელაძემ განაცხადა.
“ცესკოს თავმჯდომარემ დღეს თქვა ტყუილი, თითქოს ჩვენ დავამუშავეთ ვინმეს პერსონალური მონაცემები უკანონოდ. ამაში იგულისხმა, რომ გავიგეთ ადამიანის მისამართი, ტელეფონის ნომერი, დავურეკეთ და დავუსვით კითხვები, რაც არის ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობა, როცა თემაზე ამზადებს რეპორტაჟს. ის ასევე დაგვემუქრა, ეს მუქარა არის ჩვენს მიერ აღქმული, როგორც რეალური რისკი, რადგან საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს ხელისუფლებასთან დაკავშირებული კლანი, რომელიც კორუფციის ბრალდებით აშშ-ის მიერ არის სანქცირებული“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
საგამოძიებო პროექტის ჟურნალისტები, რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ გადახედავს მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას.
“ჩვენ მოვითხოვთ მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? - აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ, რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ „ქართული ოცნების“ მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ? ჩვენ აღვიქვამთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს რეალურად მუქარად, რადგან დიდია რისკი, რომ ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, ამავე პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად. რაც მანამდე არა ერთხელ გაუკეთებიათ მაღალი თანამდებობის პირებს”, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ის ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუწოდებს, მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად, კითხვებს უპასუხოს.