Colliers Georgia-მ უძრავი ქონების ბაზრის სპეციალურ ვებგვერდზე recov.ge-ზე საცხოვრებელი ბინების სეგმენტის განახლებული მიმოხილვა წარმოადგინა. ამ მონაცემების მიხედვით ნოემბერში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 865 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ნოემბერთან შედარებით 9%-ით მეტია. ბაზრის ზომა კი 28%-ით, 214 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
აღსანიშნია, რომ ახალ პროექტებში ბინების შეძენა 10%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 2021 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი.
სეგმენტების მიხედვით, გასული თვის განმავლობაში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 132%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, აქ ბინების გაყიდვები 12%-ით შემცირდა.
recov.ge-ის განახლებული მიმოხილვით, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 15%-ით, ფართო ცენტრში - 13%-ით, ქალაქის ცენტრში კი 14%-ით გაიზარდა.
ძველი ბინების შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 11%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 2%-ით დაფიქსირდა.