ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, გასული წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 მლნ ლარს აღწევს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ მუხლით საქმის წარმოებისას პოლიცია სახის ამომცნობ კამერებს იყენებს. როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც ძირითადად შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია.
საიას შეფასებით, სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს. გზის გადაკეტვისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროევროპული აქციების ასობით მონაწილე ჰყავს დაჯარიმებული, მათგან ნაწილი რამდენჯერმე.