"ნოემბრის ბოლოდან უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად გადაადგილება აღდგება"- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 22 ნოემბერს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები თითქმის დასრულებულია და აღნიშნულ ქუჩაზე უახლოეს დღეებში ორმხრივი გადაადგილება შესაძლებელი იქნება.
"უნივერსიტეტის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მინდა შევეხო, იცით, რომ მთლიანად მოხდა აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია, გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია, სრულდება ტროტუარების მოწყობა და საჰაერო სადენების განთავსების სამუშაოები, მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები , პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, ეწყობა ფერდის დამცავი, რომლის სამუშაოებიც ასევე ბოლო ეტაპზეა და უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. ნოემბრის ბოლოს პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და აღნიშნულ ქუჩაზე ორმხრივი გადაადგილება იქნება შესაძლებელი", - დასძინა მან.
ამასთან, თბილისის მერი აღნიშნავს, რომ გადაადგილების აღდგენის პარალელურად, აღნიშნულ ქუჩაზე დახაზვითი და კეთილმოწყობითი სამუშაოები განხორციელდება.
"გადაადგილება შესაძლებელი იქნება, თუმცა, დარჩენილი იქნება დახაზვითი და კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომელსაც პარალელურად განვახორციელებთ. აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამან თბილისის მოსახლეობას დიდი დისკომფორტი შეუქმნა, რაზედაც თბილისელებს ბოდიშს ვუხდით, მაქსიმალურად ვცდილობთ, წლის განმავლობაში ორ მსხვილ პროექტზე მეტი არ გავაკეთოთ, რომ ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ", - აღნიშნა კალაძემ.