ნორვეგია ფინეთს, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს უერთდება და ქვეყანაში რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნიანი მანქანების შესვლას 3 ოქტომბრიდან კრძალავს - ინფორმაციას Reuters-ი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს ნაბიჯი დასავლური სანქციების ნაწილია, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ შემოსავლებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას დიდ დარტყმას აყენებს.
“მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტური იყოს, რათა ჩვენ რუსეთისათვის ომის დასაფინანსებელი შემოსავლები მაქსიმალურად შევამციროთ” - განაცხადა მინისტრმა.
ავტომობილებს, რომლებსაც ნორვეგიის ან ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ, რომლებსაც რუსეთში ცხოვრების მუდმივი უფლება აქვთ, თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად, აკრძალვა არ შეეხებათ. თუმცა გამონაკლისი მხოლოდ ისეთ ავტომობილებზე ვრცელდება, რომლებსაც მგზავრებისთვის 9-ზე ნაკლები ადგილი აქვთ.
ფინეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა მსგავსი აკრძალვა ევროსაბჭოს დირექტივების ფარგლებში უკვე გაავრცელეს.