2022 წელს საქართველოში ნოტარიუსებმა 34 919 920 ლარის ერთობლივი შემოსავალი მიიღეს, 2021 წელს კი მათმა ერთობლივმა შემოსავალმა 23 748 883 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დავით უსუფაშვილისთვის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.
ფინანსთა უწყების საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ მონაცემები ეყრდნობა "საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის" მიხედვით წარმოდგენილ ერთობლივ შემოსავალს, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გარდა, შესაძლებელია მოიცავდეს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა შემოსავლებსაც.
რაც შეეხება ნოტარიუსების მიერ გადახდილ დღგ-ს, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით (ანუ 31 თვის განმავლობაში), მათ მიერ გადახდილია 9,645,476.3 ლარის დღგ.
შეგახსენებთ, 2023 წელს ყველაზე მეტად წინა წელთან შედარებით ნოტარიუსის მომსახურება გაძვირდა, სადაც ფასის მატება 96% იყო. აღნიშნული გამოიწვია „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების“ შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის 30 მაისს გამოცემულმა დადგენილებამ, რომლის თანახმადაც გაიზარდა სანოტარო მომსახურებების საფასური.
მაგალითად, თუ 2022 წლის მაისამდე ანდერძის დადასტურება 9 ლარი ღირდა, ცვლილების შემდეგ 16 ლარი გახდა; ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება თუ 5 ლარი ღირდა, ცვლილების შემდეგ მისი ფასი გაორმაგდა; მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება თუ 10 ლარი გახდა, 2022 წლის 30 მაისიდან 18 ლარი გახდა; ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემა 100 ლარიდან 140 ლარამდე გაიზარდა და ა.შ.