დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk-მა განაცხადა, რომ მედიკამენტების შემუშავების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩასართავად, OpenAI-სთან პარტნიორობას იწყებს.
"Novo Nordisk-ის პარტნიორობა OpenAI-სთან კომპანიას დაეხმარება, პაციენტებს უფრო სწრაფად მიაწოდოს მკურნალობის ახალი და უკეთესი ვარიანტები", - ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიის განცხადებაში.
ეს თანამშრომლობა Novo Nordisk-ს საშუალებას მისცემს, გამოიყენოს მოწინავე ხელოვნური ინტელექტი კომპლექსური მონაცემთა ბაზების გასაანალიზებლად, პოტენციური მედიკამენტების გამოსავლენად და კვლევიდან პაციენტისთვის ხელმისაწვდომობამდე დროის შესამცირებლად.
"ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Novo Nordisk-ის პოზიციონირებისთვის, რათა მან ჯანდაცვის მომდევნო ეპოქაში ლიდერობა შეძლოს. სიმსუქნითა და დიაბეტით დაავადებულ მილიონობით ადამიანს მკურნალობის ვარიანტები სჭირდება და ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს თერაპიები, რომლებიც მათ ცხოვრებას შეცვლის", - განაცხადა Novo Nordisk-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ დუსდარმა თანამშრომლობის დაანონსებისას.
დანიური კომპანიის ფლაგმანური პროდუქტები ქრონიკულ დაავადებებზეა მიმართული და ის ყველაზე მეტად დიაბეტისა და წონის დაკლების სამკურნალო საშუალებებით, მათ შორის Ozempic-ითა და Wegovy-ითაა ცნობილი.
"ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაში AI-ის ინტეგრირება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაანალიზოთ მონაცემთა ბაზები ისეთი მასშტაბით, რაც ადრე შეუძლებელი იყო, დავინახოთ კანონზომიერებები, რომლებსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით და ჰიპოთეზები უპრეცედენტოდ სწრაფად შევამოწმოთ. ეს ნიშნავს ახალი თერაპიების აღმოჩენას და მათ ბაზარზე იმაზე სწრაფად გატანას, ვიდრე ოდესმე", - დასძინა დუსდარმა.
არსებული ინფორმაციით, საპილოტე პროგრამები კვლევისა და განვითარების, წარმოებისა და კომერციული ოპერაციების მიმართულებით ამოქმედდება, წლის ბოლოსთვის კი სრული ინტეგრაცია იგეგმება.
"AI ინდუსტრიებს გარდაქმნის, სიცოცხლის მეცნიერებებში კი მას ადამიანებს უკეთესი და ხანგრძლივი ცხოვრებით უზრუნველყოფაში დაეხმარება შეუძლია..
Novo Nordisk-თან ეს თანამშრომლობა კომპანიას სამეცნიერო აღმოჩენების დაჩქარებაში, გლობალური ოპერაციების უფრო ეფექტიანად მართვასა და პაციენტზე ზრუნვის მომავლის ხელახლა განსაზღვრაში დაეხმარება", - განაცხადა OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა.
კომპანიების განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში, რომლის ღირებულებაც $2.75 მილიარდ დოლარამდეა, ამერიკული კომპანია მიიღებს ექსკლუზიურ გლობალურ ლიცენზიას, გარკვეული ჩვენებებისთვის პრეკლინიკურ სტადიაზე მყოფი ახალი ორალური თერაპიების შემუშავებაზე, წარმოებასა და კომერციალიზაციაზე.




























