ევროპული ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის ემისიები 2024 წელს 23%-ით გაიზარდა. კომპანიის განცხადებით, ემისიები ზრდის ტენდენციას ათწლეულის ბოლომდეც შეინარჩუნებს, რადგან კომპანია Wegovy-ის, ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო მედიკამენტის წარმოებას ზრდის.
Reuters-ის ცნობით, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, Novo Nordisk-ი პრეპარატის წარმოებაში მილიარდობით ინვესტიციას ჩადებს. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, “ემისიები ზრდასთან ერთად ჩნდება”.
მიუხედავად გაზრდილი ემისიებისა, კომპანიის განცხადებით, Novo Nordisk-ი 2045 წლისთვის ჰაერის დაბინძურების ნულოვან დონემდე დაყვანის მიზანს არ შეცვლის და კვლავ განახორციელებს. წლიური ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად, კომპანიამ დააანონსა, რომ 2033 წლისთვის, 2024 წელთან შედარებით, კომპანიისა და მიწოდების ჯაჭვის სრული ემისიები 33%-ით შემცირდება.
ემისიების შესამცირებლად Novo Nordisk-ის სამოქმედო გეგმა ნახშირბადის დაბალი შემცველობის მასალებზე გადასვლას ითვალისწინებს, ისევე როგორც მიმწოდებლებისთვის მწვანე ენერგიაზე გადასვლისკენ მოწოდებას.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი ბერკეტი, რომლითაც Novo Nordisk-ი ემისიების შემცირებას აპირებს, ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, რის გამოც ნავარაუდებია, რომ ემისიები 2030 წლამდე გაიზრდება. როგორც ის აღნიშნავს, სიტუაცია გაუმჯობესებამდე გაუარესდება.