პლენარულ სხდომაზე „რუსულ კანონს“ მეორე მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალ განიხილავენ. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სხდომა დღეს ჩაინიშნება, დეზინფორმაციაა.
„სესია ჩატარდება ხვალ, დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ“, - მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ.
ცნობისთვის, კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.