მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ ელოდებით ვიღაცის დასჯას" - მამუკა მდინარაძე სუსის მხრიდან ფასების გამოძიებაზე

ფასების კომისია

სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პროდუქტების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით დაწყებულ მოკვლევას შუალედური შედეგი ვერ ექნება, საბოლოო ექსპერტიზამდე და მედიას მოუწოდა, „ვიღაცის დასჯას“ არ დაელოდონ.

მისი თქმით, ფასებთან დაკავშირებით დანიშნული ექსპერტიზა დადებს არა შუალედურ, არამედ საბოლოო დასკვნას, რაც შემდგომში სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

მისივე მტკიცებით, სუპერმარკეტების ქსელებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების შემცირება უკვე პირველი პოზიტიური ნაბიჯია, რისთვისაც მან კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა.

მდინარაძის განმარტებით, სუს-ი ბაზარზე მხოლოდ ფასწარმოქმნის მექანიზმებით დაინტერესდა და პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობს.

" [ფასებზე სუსის გამოძიებაზე] შუალედური შედეგი ვერ იქნება. ფასთა წარმოქმნის შესახებ დანიშნული ექსპერტიზა შუალედურ დასკვნებს ვერ დებს. ფასწარმოქმნის შესახებ დასკვნა იქნება არა შუალედური, არამედ საბოლოო, რაც დაეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტებს იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. კონკრეტულ თემებთან და საკითხებთან დაკავშირებული.

პირველია ასეთი პოზიტიური გადაწყვეტილება გამოჩნდა და ეს არის "სამომხმარებლო კალათასთან" დაკავშირებული. ქსელებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ფასები გაიაფდა კონკრეტულ პროდუქტებზე, ეს არის პოზიტიური გადაწყვეტილება, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქსელებს, რადგან მათ ეს პასუხისმგებლობა აიღეს. ეს არის მოკლევადიან პერიოდში. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ჩვენ ველოდებით, რომ ფასების დასტაბილურებასთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად სწორი მიდგომა იქნება, რათა კონკურენციის სააგენტომ და სხვა უწყებებმა იმოქმედონ ადეკვატურად ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ ინფლაციის დონის დასტაბილურებისთვის, სადაც ინფლაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით დომინანტი იქნება სამომხმარებლო კალათაში მოთავსებული პროდუქტების ფასების ინფლაციასთან ბრძოლა. ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში მიღებული გადაწყვეტილება და ამის შედეგებს თქვენ ნახავთ", - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფასების შემცირება მოკლევადიანი ეფექტია, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლება ფასების დასტაბილურებას ეკონომიკური ზრდის პარალელურად ელოდება.

მისი თქმით, ინფლაციასთან ბრძოლის პროცესში მთავარი აქცენტი სწორედ სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებზე გაკეთდება, პროცესში კი აქტიურად ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, მათ შორის კონკურენციის სააგენტო

"ეს შეიძლება არ იყოს სოციალური გარდატეხა, სადაც ფასები ისე შემცირდა რომ აფეთქება მოვახდინეთ სოციალური კუთხით, მაგრამ სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების გაიაფება არასაკმარისი, მაგრამ პირველი პოზიტიური ნაბიჯი იყო, რაც პირველ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. თქვენ თუ ელოდება, რომ იარაღით დავადგებით ვინმეს თავზე დავიჭერთ და ისე გავაიაფებთ, ეს არ იქნება. ასე წარმოჩინდა სხვათა შორის გამოძიება როცა ჩვენ [სუსი] შევედით ქსელებში. სუსი მხოლოდ და მხოლოდ ფასწარმოქმნით დაინტერესდა. თქვენ, ნუ ელოდებით ვიღაცის დასჯას", - განაცხადა

საქმე ისაა, რომ გასული წლის ბოლოს სუსმა სურსათის ფასების საკითხი დეტალური შესწავლა დაიწყო. „ფასების კომისიის“ შექმნას და ასევე, სუსის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის ვიდეო-განცხადება, რომელშიც მან ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ერთმანეთს შეადარა და გამოთქვა ეჭვი, რომ ქართული ბიზნესები „გადაჭარბებული ფასნამატით“ მუშაობდნენ. მეტიც, კომპანიებს შორის კარტელური გარიგებების არსებობაც არ გამორიცხა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სიღრმისეულად შეესწავლათ საკითხი, რათა დაედგინათ, ხომ არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. თუმცა, "ფასების საპარლამენტო კომისიის" დასკვნის შემდეგ სუსის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ 8 მაისს განაცხადა, რომ ფასწარმოქმნის მოკვლევაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა ჯერ მზად არაა, რადგან ექსპერტიზას დიდი დრო სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები