მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ნუ წახვალთ დემპინგზე, ნუ გაუფუჭებთ ქვეყანას იმიჯს” - სასტუმროების ასოციაცია სექტორს

სასტუმრო

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა, ქეთევან მელაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სასტუმროების მეპატრონეებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ დემპინგისგან და ერთობლივად იმუშაონ ფასების სტაბილურობაზე.

„დემპინგი თავისთავად ცუდია. როცა ერთი სასტუმრო 10 დოლარს აკლებს, მეორე 15-ს, მესამე კიდევ უფრო მეტს – ქვეყანა ზარალობს. არ შეიძლება დღევანდელი შემოსავლის გულისთვის მომავალი გავანადგუროთ. სასტუმროებს შორის უნდა იყოს მეგობრული შეთანხმება და ერთიანი პოზიცია ფასებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მელაძემ.

მან ჩეხი კოლეგების 10-15 წლის წინანდელი გაფრთხილება გაიხსენა, როდესაც მათ უთხრეს, რომ დაუშვეს შეცდომა, როცა ქვეყანა გააიაფეს: „მათ გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენ დავუშვით შეცდომა – ძალიან იაფად შევთავაზეთ ტურისტებს ჩვენი ქვეყანა და ახლა ვერ ვაბრუნებთ იმიჯს… დღევანდელი კვერცხი ნუ გერჩივნებათ, მომავალ საიმედო და შემოსავლიანი ბიზნესის განვითარებას“.

მელაძე ამბობს, რომ დღეს საქართველო იმავე რისკის წინ დგას. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა ახალ ბაზრებზე, მათ შორის ჩინურ ბაზარზე: „როცა ახალი ბაზარი იხსნება, თავიდან შემოდის დაბალბიუჯეტიანი სეგმენტი. ეს ნორმალურია, მაგრამ რამდენიმე წელიწადში დინამიკა იცვლება და ქვეყანაში მაღალ ბიუჯეტიანი ტურისტი ჩნდება. თუ ჩვენ თავიდანვე გავიაფდებით, მაღალი სეგმენტი აღარ მოვა“.

სასტუმროების ასოციაციის დამფუძნებელმა ასევე გააკრიტიკა თვითშეფასების პრაქტიკა სასტუმროებში და აღნიშნა, რომ ჩინელ ტურისტებს განსაკუთრებით აინტერესებთ ვარსკვლავების ოფიციალურობა. ჩინეთის გამოფენაზე ქართულმა სასტუმროებმა, რომლებსაც ევროპული სტანდარტით მინიჭებული აქვთ ვარსკვლავები, მნიშვნელოვნად მეტი ინტერესი მიიღეს.

„ერთი ნაწყენი სტუმარი 17 ადამიანს უყვება უარყოფით გამოცდილებაზე, კმაყოფილი კი – მაქსიმუმ 2-3-ს. თუ სტუმარს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ჰპირდები და 3-ვარსკვლავიანს აჩვენებ, ეს ნდობის დაკარგვა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებაა“, - აღნიშნა მელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები