მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნურავინ იტყვის, რომ ბიზნესი განყენებული ორგანიზმია... ის შიდა პოლიტიკურ კრიზისს მწვავედ განიცდის|ზვიად ჭუმბურიძე

ზვიად ჭუმბურიძე

საქართველო-ევროკავშირის ბიზნესის საბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ერთპარტიულ მმართველობას.

„ხომ დავრწმუნდით, რომ არაფერი სიკეთე არ მოაქვს ერთპარტიულ მმართველობას; ასევე წერტილი უნდა დაესვას ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც ინტერვიუს თემა იყო ბოლო წლების ანტიდემოკრატიული კანონების გავლენა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა საქმიანობასა და ზოგადად, ბიზნესის განწყობებზე.

„ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ვინც დაფიქრებულია თავისი ქვეყნის და შვილების მომავალზე, თვლის, რომ საქართველოში საქმე ვერ არის კარგად... მხოლოდ ბიზნესის მიმართულებას არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ ზოგადად შიდა პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა ეკონომიკას და საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მოქმედებს ხალხის განწყობაზე, მთელ ქვეყანაზე“, - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, რომელიც ამავდროულად, გამოცდილი დიპლომატია, წუხს იმის გამო, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არსებულ კრიზისს დასასრული არ უჩანს.

„მსოფლიოში არსებული მძიმე სურათი იმდენად კომპლექსურია, რომ მისი ახსნა პროფესიონალი დიპლომატებისთვისაც კი რთულია. მიუხედავად ამ გლობალური გამოწვევებისა, არ ჩანს მცდელობა, რომ ქვეყნის შიგნით მაინც მივაღწიოთ გარკვეულ სტაბილურობას, მსგავსი ნიშნებიც კი არ იკვეთება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბიზნესის საქმიანობაზე ბოლო წლების ანტიდემოკრატიული კანონების გავლენას, EUGBC-ის გენერალური დირექტორის თქმით, ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელებიც ჩვენი ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და თითოეული მათგანი მიმდინარე პროცესებს ემოციურად აღიქვამს.

„ნურავინ იტყვის, რომ ბიზნესი განყენებული ორგანიზმია, რომელიც მძიმე შიდაპოლიტიკურ კრიზისზე არ რეაგირებს. პირიქით, ის ამ ყველაფერს მწვავედ განიცდის, თუმცა ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არსებობს უკეთესობისკენ ცვლილების იმედი და განწყობა. სწორედ ამიტომ, ბიზნესი მეტ-ნაკლებად უძლებს ამ რთულ გამოწვევებს. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ კომპანიებს გაცილებით ადრე მოუწევდათ მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ამ ეტაპზე ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მდგრადობას...

რაც მთავარია, ბიზნესისთვის არ არსებობს პროგნოზირებადობა. არადა, ბიზნესი განვითარების პერსპექტივას - იქნება ეს რეინვესტირება, შიდა სტრუქტურების გაძლიერება თუ ახალი პროექტების დაწყება - მინიმუმ 1-2 წლით ადრე გეგმავს. გულახდილად გეტყვით: არ ვიცი, დღეს ვის აქვს ახალი პროექტების დაწყების რესურსი. შესაძლოა, ასეთი კომპანიები თითზე ჩამოსათვლელია, თუმცა უმრავლესობა მაინც გაჩერებულია. ყველა დაფიქრებულია და აფასებს, რამდენად შესაძლებელია ახალი საქმის წამოწყება და რამდენად იქნება ის დაცული იმ მძიმე ვითარებისგან, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები