„საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა“, - ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანამ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი, როდესაც თითქმის 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. იგი მისაბაძია იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთაც სურთ ჰქონდეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სრულყოფილი ფისკალური პოლიტიკა და სახელმწიფო ფინანსები, დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი. ყოველივე ეს საქართველომ შეძლო ხარჯვის კონტროლით, კაპიტალურ ხარჯებში ინვესტირებით და სრულყოფილი საგადასახადო სისტემით, რომელიც ზრდის შემოსავლებს.
„საქართველომ, სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად გააცნობიერა დამოუკიდებელი, ინფლაციაზე ფოკუსირებული ცენტრალური ბანკის მნიშვნელობა. საქართველოში არის ინფლაციის თარგეთირების და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმები, როდესაც სახეზეა საგარეო შოკი, სწორედ კურსით ხდება შოკის ნაწილობრივი აბსორბირება.
საქართველოს ჰქონდა მაღალი საგარეო დეფიციტი, მაგრამ ეს დეფიციტი მცირდება და მისი დაფინანსება ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხდება. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გაქვს მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი, მისი დაფინანსება უმჯობესია მოხდეს გრძელვადიანი რესურსით და ეროვნული ვალუტით. საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ფინანსდება კაპიტალით, რომელიც არის როგორც გრძელვადიანი, ასევე ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსი.
საქართველოს საფინანსო სისტემა ჯანსაღია; ბანკების ზედამხედველობა და რეგულირება სწორად და წარმატებით ხორციელდება. მათ აქვთ კარგი კაპიტალი, კარგი ლიკვიდობა და დაბალი ლევერიჯი. შესაბამისად, ბოლო ხანებში ქვეყნის რეიტინგები იზრდება, რადგან ჯანსაღი საფინანსო სექტორი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფუნდამენტია.
მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად საჭიროა მიღწეულ იქნეს პროდუქტიულობის ზრდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გულისხმობს რეფორმებს, რომელიც ეკონომიკური ზრდის პოტენციალსაც ზრდის“, - განაცხადა ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ.
"აბრეშუმის გზის ფორუმი" თბილისში უკვე მესამედ ტარდება, წელს მას 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება.