მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო კრიზისი სწორედ ახლა იწყება, აშშ-ში რეცესია გარდაუვალია" - ნურიელ რუბინი

6439401e2c800
გიორგი თოლორდავა
14.04.23 17:17
1646
ცნობილი ეკონომისტი ნურიელ რუბინი CNBC-სთან ინტერვიუში გლობალურ მაკროეკონომიკურ რისკებსა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რეცესიის თავიდან არიდებას ვერ შეძლებს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით რეალური საბანკო-საფინანსო კრიზისი სწორედ ახლა იწყება.

„მას შემდეგ, რაც აშშ-ში რეცესია დაიწყება და ეს გარდაუვალად მოხდება, მკვეთრად გაიზრდება გადაუხდელი ვალდებულებებისა და დეფოლტების რაოდენობა, რაც საბანკო-საფინანსო სისტემაზე ზეწოლას მნიშვნელოვნად გაზრდის. მაღალი ალბათობით, ჭეშმარიტი საფინანსო კრიზისი სწორედ ამის შემდეგ დაიწყება, რაც რამდენიმე მსხვილი ბანკის კოლაფსსაც გამოიწვევს“, - ამბობს 65 წლის ეკონომისტი.

რეცესიის გარდა, რუბინი გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთ-ჩინეთის დაახლოება გლობალურ ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება, რადგან ეს ხელს შეუშლის გლობალიზაციის პროცესს და თავისუფალ ვაჭრობას. ვაშინგტონსა და პეკინს შორის კედლების აღმართვა კი არა მარტო ამ ორ სახელმწიფოს, არამედ მთელ მსოფლიოს დააზიანებს, რადგან გლობალური ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობასა და კოოპერაციაზე დგას.

რუბინის შეფასებით, რამდენიმე წელიწადში აშშ-სა და ჩინეთს შორის ნამდვილი ცივი ომი დაიწყება, რომელიც პირველ ცივ იმაზე გაცილებით უფრო რთული იქნება, რადგან მაშინ მსოფლიო ისეთი გადაჯაჭვული და ურთიერთდამოკიდებული არ იყო, როგორიც ახლაა.

„სამწუხაროდ, აშშ-ჩინეთის ცივი ომი ყოველდღიურად მწვავდება და ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი პრობლემაა. ვაშინგტონის მთავარი ამოცანა სწორედ ამ ურთიერთობის გამოსწორება უნდა იყოს. ჩინეთის და რუსეთის ეკონომიკური დაახლოება გლობალურ ეკონომიკაზე უაღრესად ნეგატიურად აისახება, რადგან ეს თავისუფალი ვაჭრობის და გლობალიზაციის შეზღუდვას გამოიწვევს“, - აცხადებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი.

აღსანიშნავია, რომ რუბინი ზედმეტსახელი Dr. Doom-ითაა ცნობილი, რაც მის პესიმისტური დამოკიდებულებითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები