მეცხოველეობის დარგში საკვების მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსმა“ 2022 წელს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა. კომპანიის წლის შედეგებზე „ნუტრიმაქსის“ მმართველმა პარტნიორმა ბექა ბექაიამ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, „ნუტრიმაქსმა“ 2022 წელს წარმოებული ცხოველთა კომბინირებული საკვების ექსპორტი წინა წელთან შედარებით 12 000 ტონით, ანუ 80%-ით გაზარდა და ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობამ 27 000 ტონა შეადგინა.
„ექსპორტს ძირითადად სომხეთსა და აზერბაიჯანში ვახორციელებთ. ექსპორტის ამგვარი მაჩვენებელი ხარისხიანი საკვების წარმოებით არის განპირობებული და შემსყიდველებისთვის ეს უპირატესობას წარმოადგენს. ასევე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივ დილერებთან. საექსპორტო ქვეყნებში კონკურენცია ლოკალურ მწარმოებელთან და რუსეთიდან ექსპორტირებულ საკვებთან გვიწევს, თუმცა ჩვენი პოზიციები ამ ბაზრებზე მყარია“, - ამბობს ბექაია.
მისივე ინფორმაციით, „ნუტრიმაქსი“ პანდემიამდე ცხოველთა საკვების ექსპორტს აფრიკის მიმართულებით ახორციელებდა, თუმცა ლოგისტიკური სირთულეების გამო ტრანსპორტირება შეჩერდა. „ამიტომ პროდუქტის რეალიზებას მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში ვახდენთ“, - აღნიშნა მან.
„ნუტრიმაქსის“ წარმოების 50%-ზე მეტი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანიის მმართველი პარტნიორის თქმით, გასულ წელს ქვეყანაში 30 000 ტონა საკვები გაიყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტია.