გრაფიკული ბარათების და AI-პროცესორების მწარმოებელი მსოფლიოს უდიდესი კომპანია NVIDIA ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაზე დიდ ფსონს დებს.
კომპანიის დამფუძნებლის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში NVIDIA აშშ-ში ათობით დატაცენტრს ააშენებს, რაც $500 მილიარდი დაუჯდება. ამ მიმართულებით, ტაივანური ფესვების მქონე NVIDIA აგრეთვე ტაივანურ TSMC-სთან ითანამშრომლებს. ამრიგად, მსოფლიოს ყველაზე მძლავრი AI-პროცესორები აშშ-ში იქნება წარმოებული.
კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების ახალი კერების შექმნით, NVIDIA შეძლებს უკეთესად გაუმკლავდეს იმ მოთხოვნას, რომელიც მისი AI-პროცესორების მიმართ აქვს. ჯენსენ ჰუანგის კომპანია მსოფლიოს უმძლავრეს პროცესორებს აწარმოებს, რომელთაც ტექნოლოგიური გიგანტები ნეირონული ქსელების სწავლებისთვის იყენებენ და ისინი იმდენად ეფექტიანი და გამართულია, რომ NVIDIA-ს მარაგები რამდენიმე წლით ადრე გაიყიდა. ახლა კი, კომპანია პროცესორების წარმოების ალტერნატიულ გზებს ეძებს.
თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილების გარდა, მნიშვნელოვანია შევაფასოთ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გავლენა. ჯენსენ ჰუანგის შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ტარიფები კომპანიის საქმიანობაზე მინიმალურ გავლენას მოახდენს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიას ქარხნების დიდი ნაწილის გადმოტანა ისედაც აშშ-ში სურს, ანუ იქ წარმოებული პროდუქცია ტარიფით არ დაიბეგრება.
ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ეს მოთხოვნა, გარკვეულწილად, დონალდ ტრამპმა დააწესა, ასე რომ ჯენსენ ჰუანგის ეს ნაბიჯი უცნაური და მოულოდნელი არ არის. რამდენიმე კვირის წინ, ჩინეთიდან აშშ-ში წარმოების ნაწილობრივი გადატანის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა Apple-მაც მიიღო, რომელიც iPhone-ების უდიდეს ნაწილს სწორედ ამ აზიურ ქვეყანაში აწარმოებს. ახალ საწარმოს შტატ ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში გახსნის, რაც $500 მილიარდი დაუჯდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის გუნდმა გამონაკლისების შემუშავება დაიწყო. პირველ რიგში, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებზე, მყარ დისკებზე, პროცესორებზე, მეხსიერების ბარათებზე და დისპლეებზე შეამსუბუქა, მათ შორის იმ მოწყობილობებზე, რომლებიც ჩინეთიდან შემოდის. თუმცა ელექტრონიკაზე დაწესებული საგადასახადო ბარიერი სრულად არ გაუქმებულა, რადგან ამ პროდუქტებისთვის საგადასახადო ბარიერების ცალკე კატეგორია შეიქმნება. კონკრეტულად რა მოცულობის გადასახადის გადახდა მოუწევთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, ჯერჯერობით, უცნობია.




























