უმსხვილესი ამერიკული კორპორაციები AI-ის მიმართულებით საინტერესო თანამშრომლობას აანონსებენ. ამ შემთხვევაში, საუბარია ხელოვნური ინტელექტის პროცესორების მწარმოებელი NVIDIA-ზე და Hewlett Packard Enterprise-ზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი IT-კომპანიაა.
პროექტი, რომელიც 2027 წლისთვის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნას ითვალისწინებს, ლაიბნიცის სახელობის სუპერკომპიუტერების ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდება და მისი მიზანი — სამეცნიერო კვლევაში AI-ის გამოყენების წახალისებაა.
მეცნიერებთან თანამშრომლობის სურვილი ჯენსენ ჰუანგს ყოველთვის ჰქონდა, მათ შორის მაშინაც, როცა NVIDIA-ში AI-პროცესორებზე მუშაობა ჯერაც არ ჰქონდათ დაწყებული. როგორც ანტრეპრენიორი იმ დროს ამბობდა, NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების გამოყენებით მეცნიერებს კვლევის და განვითარების პროცესის გაღრმავება, მოდელების დახვეწა და, შესაბამისად, პროცესების დაჩქარება შეუძლიათ. ამჟამად, ჯენსენ ჰუანგი მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისკენ უბიძგებს, რადგან ეს ტექნოლოგია იმაზე გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც მეცნიერებს ოდესმე ჰქონიათ.
სუპერკომპიუტერი უკიდურესად მაღალი გამოთვლითი სიმძლავრის მქონე მოწყობილობაა, რომელიც ძირითადად ურთულესი მათემატიკური ამოცანების ამოსახსნელად გამოიყენება, მათ შორის ამინდის მოდელირებისთვის, გენომის ანალიზისთვის, ბირთვული სიმულაციებისთვის და AI-ის გაწვრთნისთვის. ჩვეულებრივი კომპიტერისგან სუპერკომპიუტერი ბევრი რამით განსხვავდება, მათ შორისაა სიჩქარე, რადგან სუპერკომპიუტერი წამში ტრილიონობით ოპერაციას ახორციელებს, რისთვისაც ათასობით ან მილიონობით პროცესორს იყენებს. მეცნიერების შეფასებით, სუპერკომპიუტერების გამოჩენა დედამიწაზე არსებული პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებს.