მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA და Universal Music Group მუსიკალური ინდუსტრიისთვის ახალ AI პარტნიორობას აანონსებენ

NVIDIA

ტექნოლოგიური გიგანტი NVIDIA და მსოფლიოს უმსხვილესი მუსიკალური კომპანია Universal Music Group (UMG) სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ, რომლის მიზანიც მუსიკის აღმოჩენისა და შექმნისთვის „პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის“ განვითარებაა.

კოლაბორაციის ფარგლებში, NVIDIA გამოიყენებს UMG-ის მფლობელობაში არსებულ 3 მილიონზე მეტ სიმღერას, რათა დახვეწოს თავისი ინოვაციური აუდიოენობრივი მოდელი - Music Flamingo. ეს სისტემა მხოლოდ მუსიკის მოსმენით არ შემოიფარგლება. მას შეუძლია კომპოზიციების სიღრმისეული ანალიზი, შინაარსობრივი გააზრება და ინტერპრეტაცია.

NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტის, რიჩარდ კერისის განცხადებით, ეს თანამშრომლობა მუსიკალურ სამყაროსთან ურთიერთობის სრულიად ახალ, ინტერაქციულ და კონტექსტურ შესაძლებლობებს აჩენს. Music Flamingo-ს უნარი, უპრეცედენტო სიზუსტით დაამუშაოს 15 წუთამდე ხანგრძლივობის ჩანაწერები, საშუალებას იძლევა დეტალურად აღიქვას ჰარმონია, მუსიკალური სტრუქტურა, ტემბრი, ტექსტი და კულტურული კონტექსტიც კი.

მონაცემთა ბაზის გაფართოების შედეგად, მსმენელებს შეეძლებათ ახალი სიმღერების აღმოჩენა, არა მხოლოდ ტრადიციული ჟანრების თუ ტემპის, არამედ ემოციური შინაარსისა და კულტურული ღირებულების მიხედვით. ეს ტექნოლოგია ხელოვნურ ინტელექტს მუსიკის ადამიანურ აღქმასთან მაქსიმალურად აახლოებს.

პროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით დაეხმარება დამწყებ შემსრულებლებს იმ აუდიტორიის პოვნაში, რომელიც მათ ჟღერადობასთან ემოციურ კავშირს დაამყარებს. გარდა ამისა, პარტნიორობა ითვალისწინებს მუსიკის შექმნის ახალი ხელსაწყოების შემუშავებას, სადაც მთავარი როლი თავად ხელოვანებს დაეთმობათ. ამ მიზნით იქმნება სპეციალური „არტისტების ინკუბატორი“, სადაც მუსიკოსები, კომპოზიტორები და პროდიუსერები უშუალოდ ჩაერთვებიან AI პროგრამების დახვეწაში.

აღსანიშნავია, რომ UMG და NVIDIA წარსულშიც წარმატებით თანამშრომლობდნენ სხვადასხვა პროექტებზე, რაც ამ ახალ მასშტაბურ პარტნიორობას მყარ საფუძველს უქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები