Nvidia-მ ჩიპების მთავარ მომწოდებლებს, Amkron Technology-ს, Samsung Electronics-სა და Foxconn-ს H20 ტიპის AI ჩიპების წარმოების შეჩერება მოსთხოვა.
საუბარია ჩიპებზე, რომლებიც სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის იქმნებოდა. ამერიკულმა გიგანტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინეთის სახელმწიფო რეგულატორმა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების, Tencent-ისა და ByteDance-ის წარმომადგენლები დაიბარა და Nvidia-სთან მათი თანამშრომლობის შესახებ გამოკითხა. როგორც ცნობილია, ჩინეთის ხელისუფლებამ ბოლო კვირებში H20 ჩიპების არასანდოობასა და უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა.
Nvidia-ში მკაფიოდ განაცხადეს, რომ H20 ჩიპები მხოლოდ კომერციული მიზნებისთვისაა შექმნილი და მისი გამოყენება სამხედრო თუ სამთავრობო დანიშნულებით არ შეიძლება. ამასთან, კომპანიამ განმარტა, რომ არცერთ მოწყობილობაში კონტროლის აკრძალული მექანიზმი არ არის ჩაშენებული.
აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, Nvidia-ს აქციების ფასები ბირჟაზე 2%-ით დაეცა.




























