გრაფიკული ბარათების მწარმოებელმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესმა კომპანიამ, ამერიკულმა NVIDIA-მ ერთ დღეში $279 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა, რაც კომპანიის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.
ჯენსენ ჰუანგის კომპანიის აქციების ღირებულებამ 9.5%-ით იკლო, რაც ინვესტორების მიერ ხელოვნური ინტელექტის მიმართ განელებულ სენტიმენტებს უკავშირდება. ბაზარზე პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც NVIDIA-მ კვარტალური შედეგების პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც ანალიტიკოსების და ინვესტორების მოლოდინებს ჩამორჩა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ NVIDIA ერთადერთი კომპანია არ არის, რომელსაც ინვესტორები ნაკლებად ენდობიან. ხელოვნური ინტელექტის ბუმის განალების ფონზე, ბოლო პერიოდში, Microsoft-ის და Alphabet-ის აქციების ღირებულებამაც იკლო, რაც ასევე კომპანიების მოსალოდნელზე უარეს პროგნოზებს უკავშირდება. უდიდეს კორპორაციებთან ერთად, მკვეთრად შემცირდა ბოლო პერიოდში ცუდ დღეში მყოფი Intel-ის აქციის ფასმაც - მას შემდეგ, რაც კომპანიის დირექტორმა, პეტ გელსინგერმა განაცხადა, რომ კომპანიაში მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია იგეგმება, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ თითქმის 9%-ით იკლო. Broadcom-ის აქციების ღირებულებამ 6.2%-ით იკლო.
ტექნოლოგიური კომპანიების ამგვარი დაღმასვლის ფონზე, გუშინდელი დღე მეტად მძიმე იყო საფონდო ინდექსებისთვისაც: NASDAQ-ის კომპოზიტურმა ინდექსმა ერთ დღეში 3.3%-ით იკლო, S&P 500-ის მაჩვენებელი 2.1%-ით შემცირდა, ხოლო PHLX-ის მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიების ინდექსმა ერთბაშად 7.75% იკლო, რაც 2020 წლის შემდეგ ერთი დღის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი იყო.