ნახევარგამტარების ინდუსტრიის ტიტანი ინვესტორების მოლოდინებს ამართლებს - გასული წლის მეოთხე კვარტალში Nvidia-მ 22.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 265%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საერთო ჯამში, 2023 წლის შემოსავალმა 60.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 288%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს.
რაც შეეხება მოგებას, IV კვარტალში კომპანიამ 12.3 მილიარდი დოლარის მიღება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 769%-იან ზრდას წარმოადგენს.
ეს Nvidia-ს არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული შედეგია და ის ყველანაირი პარამეტრით აჭარბებს ანალიტიკოსების პოზიტიური მოლოდინებსაც კი.
ფენომენალური შედეგების გასაჯაროების სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა უაღრესად დადებითად მიიღეს. ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 13%-ით გაიზარდა.
Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.