მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები ლიდერობენ ნახევარგამტარების ინდუსტრიაში? – რატი კალანდარიშვილის განმარტება

რატი კალანდარიშვილი

მიკროჩიპების და ნახევარგამტარების გლობალური ინდუსტრია ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება. S&P Global-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის ინდუსტრიის საერთო შეფასება $1.5 ტრილიონს მიაღწევს, რაც ამჟამინდელ მონაცემებთან შედარებით თითქმის 200%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.

ამ ინდუსტრიის სათავეში რამდენიმე მსხვილ კომპანიას ვხედავთ, რომელთაც ზრდის და განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი გამოარჩევთ.

TECH INFORM-ში სტუმრობისას, TBC Capital-ის ასოცირებულმა მკვლევარმა, რატი კალანდარიშვილმა ნახევარგამტარების ინდუსტრიის ლიდერებზე ისაუბრა და რამდენიმე მსხვილი კომპანია მიმოიხილა:

ASML – 1984 წლიდან მოყოლებული, ნიდერლანდებში დაფუძნებული ეს კომპანია ნახევარგამტარების საწარმოო ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით ლიდერობას არ თმობს. ASML-ის მიერ წარმოებულ დანადგარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ, რაც კომპანიის აქციების ღირებულებაზეც აისახება. ერთწლიან პერიოდში ASML-ის კაპიტალიზაცია 50%-ით, 235 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.

TBC Capital-ის ასოცირებული მკვლევარი გვეუბნება, რომ ლაზერული ტექნოლოგიის და სპეციფიკური დაზგა-დანადგარების წარმოების მიმართულებით კომპანიას ერთგვარი მონოპოლია აქვს, რაც მას ზრდის დიდი პოტენციალს აძლევს.

TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Company) – ეს არის ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია, რომელიც ტაივანშია დაფუძნებული. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 470 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ ინდუსტრიაში წარმოდგენილი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ის მე-2 ადგილს იკავებს.

რატი კალანდარიშვილის განმარტებით, გლობალურ ინდუსტრიაზე TSMC-ს კოლოსალური გავლენა აქვს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული ჩიპების უდიდეს ნაწილს სწორედ TSMC აწყობს.

ამ კომპანიასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის მთავრობა ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაბამისად, გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების ან ტაივანის ბლოკადის შემთხვევაში, არსებობს იმის რისკი, რომ TSMC-ის საქმიანობა შეიზღუდოს. ცხადია, ამ მოცემულობას თავად TSMC-ის ხელმძღვანელობაც აცნობიერებს და სწორედ ამიტომ, კომპანია აშშ-ში გეგმავს ახალი ქარხნის მშენებლობას, სადაც საწარმოო პროცესის ნაწილობრივ გადატანა იქნება შესაძლებელი.

NVIDIA – ეს არის კომპანია, რომელიც წელს ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ელიტარულ კლუბს შეუერთდა. მისი აქციების ღირებულება ერთ წელიწადში თითქმის 300%-ითაა გაზრდილი, ამ კოლოსალური აღმასვლის მიზეზი კი ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მსოფლიოს მასშტაბით AI-ბუმის დაწყებაა. NVIDIA დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად AI ჩიპს, H100-ს ქმნის, რომელზეც კოლოსალურად მაღალი მოთხოვნაა, ერთეულის ღირებულება კი $30,000 შეადგენს.

NVIDIA-ს კაპიტალიზაცია ამჟამად $1.12 ტრილიონს შეადგენს და ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.

რატი კალანდარიშვილის განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნახევარგამტარების ინდუსტრიის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი, ამის მიზეზი კი მსოფლიოს მასშტაბით ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნაა, რომელსაც განსაკუთრებით აჩქარებს ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოხსენებულ კომპანიებში ინვესტირება ახალ უკვე პირდაპირ TBC Bank-ის ციფრული აპლიკაციითაა შესაძლებელი, რომელიც 9,000-მდე აქციასა და ფონდში თანხის დაბანდების საშუალებას იძლევა, თანაც ყოველგვარი საკომისიოების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები