მიკროჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ წელს 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ერთწლიან პერიოდში, კომპანიის აქციების ღირებულება დაახლოებით 300%-ითაა გაზრდილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის Nvidia-ს წელს საუკეთესო შედეგები აქვს.
ამჟამინდელი მონაცემებით, Nvidia-ს კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 120 მილიარდ დოლარს შეადგენს და გლობალურ რეიტინგში ის მე-6 ადგილს იკავებს, Google-ისა და Amazon-ის გვერდით.
Nvidia-ს აღმასვლის მიზეზებზე TECH INFORM-ში TBC Capital-ის ასოცირებულმა მკვლევარმა, რატი კალანდარიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის ასეთი წარმატება, პირველ რიგში, AI ბუმს და სამომხმარებლო ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენას უკავშირდება.
მართალია, ChatGPT-ისა თუ Bard-ის მიღმა უშუალოდ Nvidia არ დგას, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Nvidia მსოფლიოში ყველაზე მძლავრ და მოთხოვნად AI-პროცესორს, H100-ს აწარმოებს, რომელსაც აქტიურად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები, მათ შორის: Microsoft, Google, Meta და Amazon.
ილონ მასკის განცხადებით, დღეს სილიკონის ველზე ყველაზე მოთხოვნადი საქონელი სწორედ H100-ია, რომლის შესაძენად კომპანიები მზად არიან საბაზრო ფასთან შედარებით ხუთჯერ მეტი თანხა გადაიხადონ და რამდენიმე თვე რიგშიც იდგნენ.
ექსპერტების შეფასებით, Google-თან, Intel-თან და AMD-სთან შედარებით Nvidia ტექნოლოგიურად დაახლოებით სამი წლით წინ არის, რაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სამ საუკუნედ შეიძლება ჩაითვალოს.
გარდა ამისა, კომპანია ამჟამად გეიმინგ ბაზრის 83%-ს აკონტროლებს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კი Nvidia-ს ჩიპებზე ბაზრის ფაქტობრივად 90% მოდის.
რატი კალანდარიშვილის განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნახევარგამტარების ინდუსტრიის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი, ამის მიზეზი კი მსოფლიოს მასშტაბით ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნაა, რომელსაც განსაკუთრებით აჩქარებს ხელოვნური ინტელექტის განვითარება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Nvidia-ში ინვესტირება ახალ უკვე პირდაპირ TBC-ის ციფრული აპლიკაციითაა შესაძლებელი, რომელიც 9,000-მდე აქციასა და ფონდში თანხის დაბანდების საშუალებას იძლევა, თანაც ყოველგვარი საკომისიოების გარეშე.