ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Broadcom-ი მეექვსე კომპანია გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომლის საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
5-წლიან პერიოდში კომპანიას 800%-იანი ზრდა აქვს, ხოლო ბოლო 1 წელიწადში აქციების ზრდის მაჩვენებელი 140%-ია.
აქციების ფასის მკვეთრი ზრდა AI-ჩიპებსა და ქსელურ ტექნოლოგიებზე არსებულმა გლობალურმა მოთხოვნამ განაპირობა. ინვესტორების ნდობა კიდევ უფრო განამტკიცა Google-თან გაფორმებული შეთანხმების 2031 წლამდე გაგრძელებამ, რომლის ფარგლებშიც კომპანია ტექნოლოგიურ გიგანტს Tensor-ის ტიპის პროცესორებითა და ქსელური აღჭურვილობით მოამარაგებს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, კომპანიის პოზიციები 2026 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდება. UBS-ის მონაცემებით, 2027 ფისკალური წლისთვის Broadcom-ის შემოსავალი ხელოვნური ინტელექტის სექტორიდან შესაძლოა 145.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სპეციალიზებული AI აქსელერატორები და ქსელური გადამრთველებია, რომლებზეც მოთხოვნა ისეთი ჰიპერსკეილერებისგან, როგორიცაა Google-ი და Meta-ი, მუდმივად იზრდება.




























