ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Nvidia-მ სამხრეთ კორეის უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორის SK Hynix-თან და Naver-თან ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით, სტრატეგიული შეთანხმებები გააფორმა.
როგორც ირკვევა, ამერიკული მხარის მიზანს AI ამბიციების მხარდასაჭერად საჭირო მეხსიერების ჩიპების მიწოდების უზრუნველყოფა და ახალი კლიენტების მოზიდვა წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამხრეთკორეულმა კონგლომერატმა, SK Group-მა Nvidia-სთან ხელშეკრულებები თავისი ორი შვილობილი კომპანიის, SK Hynix-ისა და SK Telecom-ის მეშვეობით გააფორმა. ამასთან, მეხსიერების ჩიპების მწარმოებელმა SK Hynix-მა მრავალწლიან ტექნოლოგიურ პარტნიორობას მოაწერა ხელი, რომელიც მონაცემთა ცენტრებისთვის მოწინავე ტიპის მეხსიერების ბარათების შექმნას ისახავს მიზნად.
Nvidia-ს განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება მზარდი მოთხოვნის ფონზე მიწოდების სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც ამერიკულ კომპანიას რობოტექნიკის, პერსონალური კომპიუტერებისა და AI სუპერკომპიუტერების მიმართულებით გეგმების განხორციელებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, SK Hynix-თან გაფორმებული კონტრაქტი ორ წელზე მეტ პერიოდს მოიცავს და მისი ვადის გახანგრძლივებაც არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა აზიის მსხვილი სამრეწველო ცენტრია, სადაც ჩიპების, ელექტრონიკის, ავტომობილებისა და გემების წარმოება აქტიურად მიმდინარეობს. ქვეყანაში ბაზირებული SK Hynix-ი და Samsung-ი კი მონაცემთა ცენტრების კომპონენტების, კერძოდ, მეხსიერების ჩიპების უმსხვილეს მწარმოებლებს წარმოადგენენ.




























