Google-მა მომხმარებლებსა და ინვესტორებს AI-ჩიპების ახალი სერია წარუდგინა. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ახალი ჩიპების შექმნის მიზანი Nvidia-ს მომხმარებლების გადმობირებაა, რასაც კომპანია კონკურენტუნარიანი საფასო პოლიტიკით და ტექნიკური მხარდაჭერით გეგმავს.
ამჯერად Google-მა საზოგადოებას ორი ახალი მოდელი: TPU 8tx და TPU 8i Max წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში კომპანიამ 8t და 8i მოდელებიც წარადგინა. შესაბამისად, Google-ის ისტორიაში ეს პირველი წელია, როდესაც მან ოთხი TPU სისტემა ერთდროულად გამოუშვა.
TPU 8tx მოდელი მთავრობების, ბანკებისა და სხვა რეგულირებული ბიზნესებისთვის მონაცემთა დაშიფვრას უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფს. რაც შეეხება 8i Max-ს, ის ორ ჩიპს ერთ პაკეტში აერთიანებს, რაც ხელოვნური ინტელექტის მოდელებს დიდი მოცულობის ინფორმაციის ერთდროულად დამუშავების შესაძლებლობას აძლევს.
Bloomberg Intelligence-ის პროგნოზით, 2028 წლისთვის Google-ის TPU-ების გაყიდვები $135 მილიარდს გადააჭარბებს, მაშინ როცა მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი სულ რაღაც $12 მილიარდს შეადგენს.
ანალიტიკოსების შეფასებით, 5-წლიან პერსპექტივაში, TPU-ების სეგმენტის სათანადოდ განვითარების შემთხვევაში, Google-ი შეძლებს, რომ ჩიპების ბაზარზე Nvidia-ს ღირსეული კონკურენტი გახდეს და რაც მთავარია, საკუთარი AI-მოდელების გამოსაკვებად თავისივე წარმოების პროცესორები გამოიყენოს, რაც ის უნიკალური უპირატესობაა, რომელიც ამჟამად ბაზარზე მხოლოდ Google-ს აქვს.
























