მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nvidia-მ საბაზრო შეფასებით Amazon-ს და Meta-ს გადაუსწრო

Nvidia

„ინვიდია“ ლათინურად შურს ნიშნავს, სწორედ ამ გრძნობით შეჰყურებენ დღეს გლობალურ რეიტინგს ის ინვესტორები, რომლებმაც თავის დროზე Nvidia-ს აქციები არ შეიძინეს და ფსონი მის კონკურენტებზე დადეს.

ნახევარგამტარების ინდუსტრიის გიგანტმა დღეს მორიგი რეკორდი დაამყარა და მან საბაზრო შეფასებით ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებულ Amazon-ს და ცუკერბერგის Meta-ს გადაუსწრო. Nvidia-ს კაპიტალიზაცია ამჟამად 1 ტრილიონ 781 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ შედეგით ის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს.

ამ რიცხვზე შთამბეჭდავი ის ზრდის დინამიკაა, რომელიც კომპანიამ უმოკლეს პერიოდში დააფიქსირა. კერძოდ, ერთ წელიწადში მისი აქციების ღირებულება 215%-ითაა გაზრდილი, 5-წლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი კი 1,730%-ს აღწევს, რაც უმსხვილეს კომპანიებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ ყველაფრის გარდა, Nvidia თავადაც მუშაობს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე და Cloud-გეიმინგის განვითარებაზე.

ცხადია, Nvidia-ს პორტფელი მხოლოდ AI-მოწყობილობებს არ მოიცავს. კომპანია გეიმინგ ინდუსტრიის ლიდერიცაა, მსოფლიოს ყველაზე მძლავრ გრაფიკულ ბარათებს და ნახევარგამტარებს სწორედ Nvidia აწარმოებს. Nvidia-ს პროდუქტები ფაქტობრივად ყველა სეგმენტს ერგება, მისი ჩიპები გვხვდება როგორც ბიუჯეტურ, ასევე პრემიუმ კლასის კომპიუტერულ მოწყობილობებში.

Nvidia კალიფორნიაში 1993 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად 26,000 თანამშრომელს ასაქმებს. ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები