ნახევარგამტარების ინდუსტრიის გიგანტმა, Nvidia-მ დღეს მორიგი რეკორდი დაამყარა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონი დოლარი გახდა.
საბაზრო შეფასებით ის უკვე უსწრებს Google-ს, Amazon-სა და Meta-ს. ამ მაჩვენებლით Nvidia პლანეტის რიგით მეოთხე უმსხვილესი კომპანიაა და ერთწლიან პერიოდში მისი აქციების ზრდის მაჩვენებელი 240%-ს აჭარბებს, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.
ერთ კვირაში Nvidia-ს შეფასება დაახლოებით $200 მილიარდით გაიზარდა, რაც ფენომენალური კვარტალური შედეგებით იყო განპირობებული. როგორც ჩანს, წინა წელს შემოსავალი 288%-ით გაიზარდა; მოგების მოცულობამ კი 769%-ით იმატა.
Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.