მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NYT-ის მტკიცებით, მათ ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა დაადგინეს

ბექი

New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბიტკოინის შემქმნელის, ანონიმური სატოში ნაკამოტოს რეალური ვინაობა დაადგინეს და ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტოპროექტის ავტორად ადამ ბექი გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, ბრიტანელმა მეწარმემ და ბიტკოინის ცნობილმა დეველოპერმა, ადამ ბექმა, New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

ბექის განცხადებით, აღნიშნული გამოძიება წინასწარგანწყობილი მსჯელობის შედეგია და იგი საკუთარ თავს პროექტის ავტორად არ მიიჩნევს.

NYT-ის სტატიაში ბექისა და ნაკამოტოს ელექტრონული წერილები და ონლაინ პოსტები ერთმანეთს საეჭვოდ ჰგავს. ანალიზი ასევე მიუთითებს ბექის აქტივობის კლებასა და ნაკამოტოს გაუჩინარების პერიოდებს შორის არსებულ თანხვედრაზე, რაც ბიტკოინის მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ დაფიქსირდა.

ბექმა სოციალურ ქსელში განმარტა, რომ ნაკამოტოს აქტიურობის დროს იგი ფორუმებზე კომუნიკაციას რეალურად არ წყვეტდა. მისი თქმით, ტექსტობრივი მსგავსება საერთო ინტერესებისა და მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელ დამთხვევას წარმოადგენს და არაფრის მტკიცებულება ეს არ არის.

სატოში ნაკამოტოს ვინაობა ინტერნეტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება, რის გამოც ბექის მიმართ მსგავსი ბრალდებები წარსულშიც არაერთხელ გაისმა.

სატოში ნაკამოტოს პიროვნების მიმართ ინტერესს, მისტიკასთან ერთად, დაგროვილი უზარმაზარი კაპიტალიც განაპირობებს. პირველი ბიტკოინების მაინინგის შედეგად მოპოვებული აქტივები დღეისათვის დაახლოებით 70 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ სატოში ნაკამოტო თუ ცოცხალია, ის პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები