მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა სრულდება - დე ფაქტო სამინისტრო

ტერმინალი ოჩამჩირეში

დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა 15 ნოემბრამდე დასრულდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მრჩეველმა, ოქტაი ჰაზირიშმა Sputnik-თან განაცხადა.

"სამუშაო პროცესი დასასრულს უახლოვდება. შეიძლება ითქვას, რომ 350 კუბური მეტრი ბეტონისა და ღობის პერიმეტრის მოწყობა დარჩა. მშენებლობა შეღავათიანი საინვესტიციო პროგრამიდან მიმდინარეობს, რომელსაც აფხაზეთი რუსეთთან ერთად ასრულებს", - განაცხადა მან.

ოქტაი ჰაზირიშის განცხადებით, ოჩამჩირის პორტში მშენებარე ტერმინალის მიმართ უცხოური ოპერატორები ინტერესს იჩენენ.

"ჩვენ კონტეინერის გადამზიდავ ოპერატორ კომპანიებთან კონტრაქტები გავაფორმეთ. უცხოური კომპანიები დიდ ინტერესს იჩენენ ინფრასტრუქტურის ამ შესაძლებლობის მიმართ. ახლა ამოცანა ნომერი პირველი ობიექტის ექსპლუატაციაში ჩართვა არის. ჩვენი პარტნიორები ამას ელოდებიან. შემდეგ საქონლის და კონტეინერების ტრანსპორტირება დაიწყება", - აღნიშნა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტი 250 მეტრი სიგრძისა და 500 მეტრი სიგანის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სარკინიგზო ლიანდაგებით და ვაგონების გადმოტვირთვის ზონით არის აღჭურვილი. ტერიტორიაზე შექმნილია 1200 კონტეინერზე გათვლილი გადაზიდვა - შენახვის ზონები. ინფრასტრუქტურა ხანძარსაწინააღმდეგო და სამაცივრე კონტეინერების განთავსებისთვის აუცილებელ სისტემებს მოიცავს, რაც აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომავალში რუსეთში ციტრუსის და სხვა მალფუჭებადი საქონლის გაგზავნის შესაძლებლობებს გაზრდის.

ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, 300 კონტეინერის ტევადობის ხომალდების დატვირთვა გახდება შესაძლებელი, ხოლო ამწე ტექნიკის მართვას ადგილობრივ სპეციალისტებს ჩინეთიდან მიწვეული ინჟინერი ასწავლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები