მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OECD-ის "მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“-ის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია

თბილისი ამინდი
01.03.24 11:33
299

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების "მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“ (SME Policy Index - 2024) მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია. აღნიშნულმა ორგანიზაციამ კვლევის ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში გამართა, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციაში, რომელიც OECD-ის წარმომადგენელმა გააკეთა, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოს პროგრესზე. ითქვა, რომ ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, უკვე მეოთხედ პირველ პოზიციას იკავებს. აღინიშნა, რომ OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის“ შეფასებას 4 წელიწადში ერთხელ ახორციელებს და ქვეყნებს აფასებს ისეთი 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

"კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ამ ინდექსით, რომელიც ჩვენ მეოთხედ ჩავატარეთ. ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა ძალიან თანმიმდევრული და უწყვეტი რეფორმების მეშვეობით, რომლებიც განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის ირგვლივ და ასევე ძალიან სწორად გათვლილი და კიდევ უფრო დახვეწილი მხარდაჭერის ინფრასტრუქტურის წყალობით, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფენ და, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანი დამხმარე პროვაიდერები არიან თქვენს ქვეყანაში. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ GIZ-თან ერთად დღესვე ვიწყებთ უფრო კონკრეტულად წასვლას მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის", - განაცხადა OECD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელმა, დანიელ კვადბეკმა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს საქართველოს კომპანიების 99%-ს და აქ დასაქმებულია მთლიანი სამუშაო ძალის 70%-მდე. ასე რომ, ეს არის ქართული ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა. ეს ინდექსი დაგვეხმარება ჩვენ, ევროკავშირს, გავაგრძელოთ ჩვენი უწყვეტი დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ასევე დაეხმარება ეკონომიკის სამინისტროს, მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის სისწორის შეფასებაში, რომ მომავალი ინდექსი კიდევ უფრო წარმატებული იყოს საქართველოსთვის", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, საუბარი წარიმართა OECD-ისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ერთობლივ პროექტზე, რომელიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი მიზანია, სათანადო ეკოსისტემის ჩამოყალიბება მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის, ასევე ქვეყნის დონეზე მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. განხილულ იქნა პროექტის ძირითადი გამოწვევები, რეფორმების პრიორიტეტები, პოლიტიკის ინსტრუმენტები და მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციის საგზაო რუკების შემუშავების საკითხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები