მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იწვევს საქართველოს 16–წლიან სტაგნაციას OECD-ის რეიტინგში? – ფინანსთა სამინისტრო „ანალიტიკას" პასუხობს

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

„OECD-ის რეიტინგი ერთ-ერთი შეფასებაა, რომელსაც უმეტესწილად ეყრდნობიან ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოები. ჩვენი რეიტინგი ბოლო პერიოდში არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში, როგორც იცით ყველა საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციამ გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი ორი საფეხურით. ამგვარი სხვაობა, ძირითადად, გამოწვეულია მეთოდოლოგიური განსხვავებებით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა შემფასებელ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ეფუძნება OECD-ის რეიტინგი“ – ეს მოკლე განმარტება „ანალიტიკა“–მ ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ მიიღო.

ფინანსთა სამინისტროს წერილობით კომენტარში მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ მოხვდა – კერძოდ: კონკრეტულად რომელი კომპონენტი ან კომპონენტები იწვევდა OECD-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის 16–წლიან სტაგნაციას. OECD-ის ანგარიში, როგორც ჩანს, მედიისთვის ბოლომდე ღია არ არის, ანალიზის ნაწილი ჩვენთვის მიუწვდომელია, ამიტომ სწორედ ამ ნაწილის დაზუსტება ვითხოვეთ ფინანსთა სამინისტროსგან.

OECD-ის რეიტინგმა „ანალიტიკა“–ს ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ამერიკის სავაჭრო პალატამ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების აუცილებლობა 14 ივლისს, ინვესტორთა საბჭოს დღის წესრიგში დააყენა. პალატის განმარტებით, საქართველოს დაბალმა ქულამ რეიტინგში მის წევრ რამდენიმე კომპანიას ექსპორტის დაკრედიტება გაუძვირა, რის შემდეგაც კომპანიებმა პალატას მიმართეს, პალატამ კი საკითხი ინვესტორთა საბჭოს ფორმატში წამოსწია.

შედეგად, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი იყო და მეტი დეტალისთვის ფინანსთა მინისტრს თხოვა კომენტარი. ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ უკვე დაუკავშირდა OECD-ის და პირველი კომუნიკაცია შედგა.

ფინანსთა სამინისტროს მხრიდან „ანალიტიკა“–სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მკაფიოდ არ ჩანს, რა იგულისხმება შემფასებელ ორგანიზაციებში, რომლებსაც OECD ეფუძნება და რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო ეკონტაქტება: თუ აქ, სუვერენული საკრედიტო სააგენტოები იგულისხმება, რომლებსაც თავის პასუხში ასევე მოიხსენიებს ფინანსთა სამინისტრო, როგორც იმ სარეიტინგო ორგანიზაციებს, რომლებმაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი უკვე გაუზარდეს – ეს, შესაძლოა, ბოლომდე სწორი სტრატეგია არც იყოს, რადგან OECD ქვეყნის რისკის შეფასების მეთოდოლოგიის განმარტებისას, ხაზს უსვამს, რომ სუვერენული რეიტინგების მის რეიტინგთან შედარება არ შეიძლება.

“ქვეყნის რისკის კლასიფიკაცია მიზნად ისახავს ქვეყნის რისკის გამოხატვას. ქვეყნის რისკი მოიცავს სატრანსფერო და კონვერტაციის რისკებს, მაგალითად რისკს, რომ მთავრობა დააწესებს კაპიტალის კონტროლს, რომელიც პირებს ადგილობრივი ვალუტის უცხოურ ვალუტაში კონვერტირებას შეუზღუდავს ან შეზღუდავს საგარეო კრედიტორებისთვის ვალების მომსახურების შესაძლებლობას. ასევე გათვალისწინებული ფორს მაჟორის ალბათობა, მათ შორის ომების, ექსპროპრიაციის, რევოლუციის, სამოქალაქო დაძაბულობის, დამანგრეველი წყალდიდობებისა და მიწისძვრების ალბათობა. ქვეყნის რისკის კლასიფიკაცია არ არის სუვერენული რისკის კლასიფიკაცია და მათი შედარება არ უნდა მოხდეს სუვერენული რისკის იმ ანგარიშებთან, რომლებსაც კერძო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები“ – აღნიშნულია OECD-ის შეფასებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები