მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მულტინაციონალურ კომპანიებს ფინანსთა სამინისტროსთვის მთელი ჯგუფის ფინანსური ანგარიშის წარდგენა დაევალათ

დოლარი ფული

საქართველოში მოღვაწე ისეთ კომპანიებს, რომლებიც მულტინაციონალური ჯგუფის შემადგენლობაში არიან და რომელთა ჯგუფის მთლიანი შემოსავალიც 750 მილიონ ევროს აღემატება, ფინანსთა სამინისტროსთვის ქართული კომპანიის ანგარიშთან ერთად მთლიანად ჯგუფის ფინანსური ანგარიშის წარდგენაც დაევალათ.

ამას ითვალისწინებს ის შეთანხმება, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომელიც OECD-ის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში მულტინაციონალური კომპანიებისთვის მინიმუმ 15%-იანი მოგების გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. ამასთან, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, მულტინაციონალური კომპანიის სტატუსი განისაზღვრება იმ ჯგუფებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალიც 750 მილიონი ევროა.

2017 წლიდან საქართველოში განაწილებული მოგების 15%-იანი განაკვეთი მოქმედებს, შესაბამისად, საქართველო OECD-ის ინიციატივას, რომ ქვეყნებმა მინიმუმ 15%-იანი მოგების განაკვეთით დაბეგრონ კომპანიები სრულად აკმაყოფილებს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანების თანახმად, ფინანსური ანგარიშგების წარდგენა შემდეგ კომპანიებს მოუწევთ:

1. ჯგუფი – საწარმოთა ერთობლიობა, რომლებიც ისე არიან დაკავშირებული ერთმანეთთან მფლობელობის ან კონტროლის გზით, რომ მოეთხოვებათ მოქმედი ბუღალტრული პრინციპების თანახმად კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მომზადება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის, ან მოეთხოვებოდათ ერთ-ერთ ამ საწარმოთაგანში წილებით საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში.

2. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი – ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც:

ა) შეიცავს ორ ან ორზე მეტ საწარმოს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო რეზიდენტები არიან ან შეიცავს საწარმოს, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო მიზნისთვის ერთი ქვეყნის რეზიდენტს და ექვემდებარება დაბეგვრას სხვა ქვეყანაში/იურისდიქციაში, თავისი მუდმივი დაწესებულების საშუალებით განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, და
ბ) არ წარმოადგენს გამონაკლის მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფს.

3. გამონაკლისი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი – ნებისმიერ ფისკალურ წელთან დაკავშირებით, ჯგუფი, რომლის მთლიანი კონსოლიდირებული ჯგუფური შემოსავალი 750 მილიონ ევროზე ნაკლებია იმ ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს საანგარიშსწორებო ფისკალურ წელს, როგორც ეს ასახულია მის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში ამ წინა ფისკალური წლისთვის.

მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს ამ წესის თანდართული დანართების შესაბამისად, რომლებიც შემუშავებულია სახელმძღვანელო წესებით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით და იმ განსაზღვრებებისა და ინსტრუქციების გამოყენებით, რომლებიც მოცემულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს V თავის III დანართში,"- ნათქვამია ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.

მულტინაციონალურ კომპანიებს მთლიანად ჯგუფის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულება 2025 წლის 1 იანვრიდან გაუჩნდებათ. სავარაუდოდ ამ კატეგორიას საქართველოში მოღვაწე რამდენიმე ათეული კომპანია დააკმაყოფილებს, ისინი ძირითადად ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სერვისების, წარმოების, ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამთო მოპოვებისა და სხვა დარგებში საქმიანობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები