მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისი გეშინიათ, რატომ არ შეუერთდით OECD -ის მონიტორინგის ამ რაუნდს? - დეპუტატი მთავრობას

რუსთავი

რისი გეშინიათ? რატომ არ შეუერთდით OECD -ის მონიტორინგის ამ რაუნდს? - ამ კითხვით პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობას მიმართა.

„საქართველო, ერთ დროს ლიდერმა ქვეყანამ ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით რეგიონში, უარი თქვა ანტიკორუფციული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების მეხუთე რაუნდში მონაწილეობაზე. „OECD (ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია) მოუწოდებს საქართველოს, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და შეუერთდეს მონიტორინგის პროგრამას, რათა მოახდინოს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა“ - ეს არის ციტატა ორგანიზაციის პრესრელიზიდან, რომელსაც საქართველოში უნდა შეეფასებინა ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანობა, მათ შორის სისტემური, პოლიტიკური კორუფციის მიმართულებით და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებამ კი უარი თქვა მონიტორინგის ამ სისტემაში მონაწილეობაზე. თქვენ ხომ ის ხელისუფლება ხართ, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არსებობს? თქვენ ხომ მოვალეობის მოხდის მიზნით შექმენით ანტიკორუფციული ბიურო კორუფციასთან საბრძოლველად? რისი გეშინიათ? რატომ არ შეუერთდით მონიტორინგის ამ რაუნდს? ხელისუფლება, რომელიც სუფთაა კორუფციაში, კი არ იმალება მსგავსი შეფასებებისას, არამედ პირიქით, თქვენ რატომ იმალებით?“, - მიმართა ლილუაშვილი მთავრობას.

როგორც ლილუაშვილი ამბობს, ხელისუფლებამ უარი თქვა, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი კორუფციის შეფასება, რადგან ორგანიზაცია სპეციალური მონიტორინგის ჯგუფს გამოაგზავნიდა, რომელსაც მთავრობა მარტივად ვერ მოატყუებდა.

„იცოდით, რომ შეფასდებოდა საჯარო პოლიტიკა, მთავრობის წევრების და პარლამენტარების სახელმწიფო შესყიდვები, სასამართლო და პროკურატურის დამოუკიდებლობა. აი, ამას დაემალეთ. ახლა შეიძლება მოვისმინოთ ამ ორგანიზაციაზე თავდასხმა, მაგრამ საჭირო არ არის OECD მონიტორინგი, ხუთი თვეა პარლამენტში დავაინიცირეთ ინიციატივა, რომ ჩინოვნიკების ქონებრივ დეკლარაციაში მოხვდეს მათი ოჯახის წევრების შეყვანა, დედმამიშვილების, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახოს, მათთვის მოპარული ფული რეალურად როგორ ილექება პრივილეგირებული ოჯახების ანგარიშზე. ამ ვალდებულებას გაურბიხართ და ინიციატივის განხილვაც არ გინდათ. არგუმენტები ჩამოგეშალათ, კორუფცია ჩვენნაირ ქვეყანაში ღალატის ტოლფასია, რადგან კიდევ უფრო აღარიბებს ღარიბ ქვეყანას, არც რუსი ტურისტების წყალობა გშველით და ეს დროებითი ეფექტიც ჩამოიშალა. ექსპორტიც მცირდება, ინვესტიციებიც, რადგან არავის უნდა ინვესტიციის ჩადება ქვეყანაში, რომელსაც კორუმპირებული სასამართლო ჰყავს. იქნება იმას მაინც მოაბათ თავი, რომ მიიღოთ კანონი მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, იქნებ ის მაინც მოახერხოთ, რომ ჩვენი ინიციატივა პენსიის ყოველწლიურ გარანტირებულ ზრდასთან დაკავშირებით განხილვის რეჟიმში დააბრუნოთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები