მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OECD-ის რისკ პრემიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა

oecd

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მსოფლიოს ქვეყნების რისკ პრემიის 2024 წლის შეფასება გამოაქვეყნა. ახალი შეფასებით საქართველოს ქულა ერთი საფეხურით გაუმჯობესდა და ის 6-ის ნაცვლად 5 იქნება.

OECD-ის ანგარიშში ქვეყნები 0-დან 7-მდე კატეგორიით ფასდებიან, სადაც 0 საუკეთესო ქულაა, ხოლო 7 ყველაზე დაბალი. საქართველოს ქულა 2007-2023 წლებში უცვლელი იყო და 6 ქულას შეადგენდა, 2024 წლის ინდექსში კი ის ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.

ანალოგიური ქულა აქვთ ალბანეთს, ალჟირს, ბანგლადეშს, ყაზახეთს, იორდანიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და პარაგვაის. საგულისხმოა გარემოება, რომ ინდექსში მაღალშემოსავლიანი ქვეყნები და OECD-ის წევრი ქვეყნები საერთოდ არ ფასდებიან. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების შედეგებს, ის ასე ნაწილდება:

სომხეთი - 6 ქულა;
რუსეთი - 7 ქულა;
აზერბაიჯანი - 4 ქულა;
საქართველო - 5 ქულა;
უკრაინა - 7 ქულა;
მოლდოვა - 7 ქულა.

“ქვეყნის რისკის კლასიფიკაცია მიზნად ისახავს ქვეყნის რისკის გამოხატვას. ქვეყნის რისკი მოიცავს სატრანსფერო და კონვერტაციის რისკებს, მაგალითად რისკს, რომ მთავრობა დააწესებს კაპიტალის კონტროლს, რომელიც პირებს ადგილობრივი ვალუტის უცხოურ ვალუტაში კონვერტირებას შეუზღუდავს ან შეზღუდავს საგარეო კრედიტორებისთვის ვალების მომსახურების შესაძლებლობას. ასევე, გათვალისწინებული ფორს მაჟორის ალბათობები, მათ შორის ომების, ექსპროპრეაციის, რევოლუციის, სამოქალაქო დაძაბულობის, დამანგრეველი წყალდიდობებისა და მიწისძვრების ალბათობა.

ქვეყნის რისკის კლასიფიკაცია არ არის სუვერენული რისკის კლასიფიკაცია და მათი შედარება არ უნდა მოხდეს სუვერენული რისკის იმ ანგარიშებთან, რომლებსაც კერძო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები აწარმოებენ,”- ნათქვამია OECD-ის განმარტებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები