ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლის დროს, დეპუტატი დავით ხაჯიშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ეხებოდა. დეპუტატის თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ქართული საინვესტიციო კლიმატი მისაღები არ არის, მიუხედავად სხვადასხვა პრივილეგიისა, რომელიც საქართველოს აქვს (მაგ. უვიზო მიმოსვლა ევროპაში).
დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს, მშპ-სთან მიმართებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს.
“ჩვენ ვსაუბრობთ რიცხვებით, საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სტატისტიკით და არ ვსაუბრობთ პოპულისტურად. ამიტომ გეტყვით, რომ 2022 წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი ინვესტიციები დაფიქსირდა - 2.1 მილიარდი ამერიკული დოლარი, რაც დამოუკიდებლობის პირობებში ყველაზე მაღალი რიცხვი იყო.
2023 წელს ჩვენმა ინვესტიციებმა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ზრდა ისევ აჩვენა. შეიძლება, რეკორდი ვერ გავიმეორეთ, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში შევძელით და $5 მილიარდზე მეტი FDI მოვიზიდეთ. საქართველოს ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მშპ-სთან მიმართებით”, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, OECD-ის ინდექსით, საქართველო მსოფლიოსი მერვე ადგილზეა ინვესტიციისთვის ღიაობის კუთხით.
“ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სააქციო კაპიტალის ზრდას, უზრუნველვყოთ რეინვესტირებისთვის შესაბამისი პირობები… ამ კუთხით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სერიოზული რეფორმები გატარდა.
ასევე, ობიექტური მაჩვენებლებიდან, OECD ალბათ ყველაზე სანდო ორგანიზაციაა, რომლის ინდექსის მიხედვითაც, ინვესტიციების ღიაობის კუთხით, საქართველო მსოფლიოში მერვე პოზიციას იკავებს. ეს აჩვენებს, როგორია ჩვენი საინვესტიციო კლიმატი და გარემო”, - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისიტრი ასევე აცხადებს, რომ, მთავრობის უშუალო ჩართულობით, საქართველოში არაერთი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა, როგორებიცაა, მაგალითად, “ინდორამა”, “ტელეპერფორმანსი”, “ვაიბერი” და სხვა. დავითაშვილის თქმით, თითოეული მათგანი თავის დარგში აღიარებული ლიდერია.
მინისტრი IT სფეროს ზრდასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მოიპოვეს, 1 მლრდ დოლარზე მეტის ღირებულების IT მომსახურება გაიტანეს ექსპორტზე.