მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI-ის წლიურ ჭრილში შევაფასებთ... ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაქვს - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და სამომავლო პროგნოზებს ოპტიმისტურად აფასებს.

I კვარტალში საქართველოში FDI 64%-ით შემცირდა. მიზეზებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, დავითაშვილი აცხადებს, რომ კვარტალური მონაცემები რეპრეზენტატული არაა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურ ჭრილში უნდა შევაფასოთ.

„საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით - 6%-ზე მაღალია. ბოლო სამი წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გვქონდა. რაც შეეხება კონკრეტული კვარტალის მონაცემებს, ეს არ არის რეპრეზენტატული იმიტომ, რომ საჭიროა უფრო ღრმა ანალიზი გავაკეთოთ, როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ. აქ არის საუბარი, მაგალითად, რიგ შემთხვევაში კაპიტალზე, რომელიც იზრდება ან სესხებზე, რომლის გადახდაც ხდება, არის ერთჯერადი ტრანზაქციები... წლიურ ჭრილში შევაფასებთ, უფრო მეტ ანალიზს გავაკეთებთ.

მერწმუნეთ, რომ საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი სხვადასხვა პარამეტრით. გვაქვს მაღალი, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი ამოცანა. გვაქვს დაბალი ინფლაცია, ამავე დროს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს. გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები. საქართველოს ეკონომიკა განვითარების რეჟიმშია და მდგრადია გამოწვევების მიმართ. ვფიქრობ, ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, ამიტომ ოპტიმისტურად მინდა შევაფასო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები“,- თქვა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები