"ოფშორების კანონის" ამოქმედებიდან 3 თვეში ე.წ. ოფშორული ზონებიდან აქტივები ჯერ არავის გადმოუტანია. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე BMG-სთან ამბობს, პროცესს დრო სჭირდება.
"თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ამას ერთი და ორი თვე არ ეყოფოდა. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ იყო გარკვეული ვადები აღებული ამ ნაწილში. პირველი ნიშნები, ალბათ, უნდა 2025 წლის მეორე ნახევრიდან უნდა იყოს. კომპანიები აქტივების გადმოტანას უცბად ვერ მოახერხებდნენ.
- ამ ეტაპზე არ გადმოუტანიათ?
- რა ინფორმაციაც მაქვს, არა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
"ქართულმა ოცნებამ" "ოფშორების შესახებ" კანონი პარლამენტში მოულოდნელად, აპრილსი დაარეგისტრირა. საპარლამენტო უმრავლესობამ "რუსული კანონის" კვალდაკვალ ის ორ დღეში, დაჩქარებული წესით მიიღო. პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, კანონი საბოლოოდ შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა.
ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუ ოპერაცია 2028 წლის 1-ელ იანვრამდე შესრულდება, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება. კანონპროექტის წარდგენისას გამოითქვა ეჭვები, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული, რომელიც ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს.