მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფროსი ექსპერტი მამუკა ჟღენტი აცხადებს, რომ „ოფშორების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ქვეყანას Financial Action Task Force-ის (FATF) ნაცრისფერ სიაში მოხვედრის რისკს აჩენს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დაკვეთით მზადდება „ოფშორების შესახებ“ კანონზე დასკვნა, რომელიც მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფროსი ექსპერტი წინასწარი დასკვნებისგან თავის შეკავებას ამჯობინებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი კავშირშია იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან და იმ შედეგებთან, რაც შეიძლება დადგეს საქართველოსთან მიმართებით იმ შემთხვევაში თუ დასკვნაში აღმოჩენილი იქნება გარკვეული ხარვეზები „ოფშორების კანონთან“ მიმართებით.
„საგადასახადო შეღავათების დაწესება ეს ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი კანონმდებლობის პროცედურების დაცვით იქნება გაკეთებული, ამაში უკანონო არაფერი იქნება.
ეს კანონი არამხოლოდ საგადასახადო კოდექსთან პირდაპირ კავშირში არსებულ კითხვებს ბადებს, არამედ უფრო მნიშვნელოვან კითხვებს, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის იმასთან რომ საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს წამოსცდა, რომ ფულს გაათეთრებენო, მერე კი გამოასწორა, მაგრამ რეალურად რასაც ფიქრობდა ის თქვა. აქ მთავარი საფრთხე არის ფულის გათეთრებასთან და მთავარი საკითხი უკავშირდება ე.წ. ბენეფიციარი მესაკუთრის გამჭვირვალობას. ანუ როდესაც ეს კომპანიები ოფშორებიდან თავის აქტივებს და ლიკვიდურობას საქართველოში გადმოიტანენ, რეალურად დაუდგენელი იქნება და შეიძლება პრობლემები შეიქმნას იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის ამ აქტივების რეალური მფლობელი, ანუ ბენეფიციარი მესაკუთრე.
აქ გასათვალისწინებელია, რომ საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება FATF-ის რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
FATF ეს პარიზში არსებული ორგანიზაციაა. ის ყველაზე გავლენიან ორგანიზაციად ითვლება და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი ზეგავლენის მქონე ორგანიზაციად ითვლება სახელმწიფოების ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოს. FATF-ის შავ სიაში არიან ჩრდილო კორეა, ირანი, მიანმარი და არის ასევე ნაცრისფერი სია, სადაც მოხვედრის შემთხვევაში სერიოზული პრობლემები ხდება. ამ შემთხვევაში ეს გლობალური ომის პარტიას ვერ დაბრალდება, რადგან ამ სიაში ისეთი დიდი სახელმწიფოები არიან მოხვედრილი როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რაც როგორც პოლიტიკური გავლენით, ასევე ტერიტორიებით ბევრად აღემატება საქართველოს.
FATF-ის ნაცრისფერ სიაში მოხვედრა მთლიანად ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოსა და ეკონომიკაზე. ამასთან გამკლავება უჭირთ სერიოზულ სახელმწიფოებს და ზარალდებიან, მაგალითად თურქეთი, რომელიც ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა ამ სიაში მოხვედრის შემდეგ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აქედან გამოსულიყო და ბოლო ორი კვირის წინ გამოვიდა ამ სიიდან“, - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
კითხვაზე - რას ქვეყნის ამ სიაში ყოფნა ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფროსი ექსპერტი განმარტავს: „ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია რთულდება. თუ აქამდე საქართველოს მოქალაქეს მაგალითად საფრანგეთიდან ან ბელგიიდან საქართველოში ოჯახში, ფულის გადმოსარიცხად მას სჭირდებოდა რამდენიმე საათი, ან თუ საბანკო ტრანსფერი ხდებოდა 1-2 დღეში, დღეს შეიძლება ამას დასჭირდეს 1 კვირაზე მეტი და ამის დასაბუთება დაგჭირდება ელემენტარული ტრანზაქციის განსახორციელებლად. ეს შეეხება ბიზნესებს და ყველა სტრუქტურას, რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია და კონტრაქტის დადებაც კი რთულდება, გარდა ამისა საქართველოს ბანკების მიერ გაცემული ბარათებიდან უცხოეთში გარკვეული რაოდენობის თანხის უცხოეთში გამოყენება გაპრობლემდება. არც ერთი ინვესტორი FATF-ის ნაცრისფერ სიაში მყოფ სახელმწიფოში ინვესტიციებს არ ჩადებს და ბიზნესკონტაქტების დადების სურვილიც არ ექნება“.
მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში FATF-ის რეგიონული ორგანიზაცია Moneyval-ის მხრიდან განსაკუთრებული მონიტორინგის პროცესში იმყოფება, თუმცა ქვეყანა იმ შედეგებს, რომელიც მათ მოთხოვნებთან შეუსაბამო იყო, გამოსწორებას არც ცდილობს. ამას კი ემატება „ოფშორების შესახებ“ კანონი, რომელი ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობას კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„საქართველო FATF-ის წევრი არ არის, მაგრამ საქართველო FATF-ის რეგიონალური ორგანიზაცია Moneyval-ის წინაშეა ანგარიშვალდებული, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს ფარგლებში ფუნქციონირებს და ევროპულ კონტინენტს ფარავს. საქართველო უკვე მეორე წელია გაძლიერებული მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, რაც იმას გულისხმობს, რომ ორი წლის წინ, როდესაც საქართველოს შეფასება მოხდა, ძალიან ბევრი ხარვეზი დადგინდა და FATF-ის 40 რეკომენდაციასთან შედარებით მინიმუმი ვერ დავაკმაყოფილეთ. აღმოჩნდა, რომ საქართველო შესაბამისობაში არ არის და ძალიან დაბალ დონეზეა.
მეორე წელია, საქართველომ წარადგინა ამ პროცედურით გათვალისწინებული ანგარიში, აგო პასუხი თუ რა ვითარებაა და რა პროგრესი განიცადა ქვეყანამ როგორც კანონმდებლობის, ასევე ეფექტიანობის თვალსაზრისით და სამწუხაროდ, ორივე შეფასებისას საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიში შესაბამისად არ ჩაითვალა.
FATF-ის 24-ე და 25-ე რეკომენდაციები პირდაპირ უკავშირდება ამ კანონს, ანუ ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობას, როდესაც ნებისმიერი ბიზნესკომპანიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ნებისმიერი მეპატრონე უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ასევე კერძო პირებისთვის. საქართველო ამ ორ რეკომენდაციასთან მიმართებით შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ბოლო ორი მოხსენებისას საქართველოს არ მიუწოდებია ეს ინფორმაცია და არ მოუთხოვია ამ რეკომენდაციების გაუმჯობესება, რაც იმას ნიშნავს რომ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება და ამ კანონის მიღებით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კონტექსტში, დიდი ალბათობით ამ ორ რეკომენდაციასთან მიმართებით, საქართველოს ასეთი მიდგომა საკმაოდ ნეგატიურ შედეგებს მოგვიტანს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო კომპანიებისთვის, ბანკებისთვის და კერძო პირებისთვის.
სადაც გვეუბნებიან, რომ თქვენ გაქვთ პრობლემები და ამას ემატება „ოფშორების შესახებ“ კანონი, ეს ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს“, - განმარტავს მამუკა ჟღენტი.