ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" ამბობს, რომ ე.წ. ოფშორების კანონი და ამასთან, თანადროულად მიღებული რუსული კანონი ქვეყანაში შემოსულ გაუმჭვირვალე ფინანსებზე კონტროლს უფრო მეტად გაართულებს.
"როცა ქვეყანაში შემცირებულია სამოქალაქო კონტროლი, ჟურნალისტური გამოძიებები, მედია და სამოქალაქო სექტორი კონტროლის ქვეშაა, (რუსული კანონით) რომლებმაც ფულის გათეთრების საკითხები უნდა გამოავლინონ, ამ თვალსაზრისით, როცა ეს ორი კანონი პარალელურად მიიღება, ცხადია, რისკები ძალიან იზრდება და ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ისედაც საკმაოდ დაბალი დონე ჩვენს საჯარო უწყებებში კიდევ უფრო დაიწევს. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მოხდება სამოქალაქო სექტორიდან ასეთი საკითხების გაკონტროლება. ვგულისხმობ, შავი ფულის შემოდინებას, კორუფციას, გაურკვეველი კომპანიების ქვეყანაში რეგისტრაციას. საუბარია კომპანიებზე, რომელთა უკანა შეიძლება იდგნენ სანქცირებული პირები. ანუ, ერთობლიობაში ეს იმდენად ნეგატიურ გავლენას იქონიებს, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერიოდში, რომ ეს შეიძლება იყოს უკუქცევადი. ეს კანონი, თუ შემდგომი თვეების განმავლობაშიც იქნება ძალაში და მოხდება დიდი ოდენობით ისეთი აქტივის შემოდინება, რომლის უკანაც, ვერ გავარკვევთ, ვინ დგას და როგორ დგას, ცხადია, გამჭვირვალობა უმთავრესია.
შეიძლება მოკლე პერიოდში ამან ეკონომიკურად დადებითი შედეგი მოგვცეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერიოდში ეს გამოიწვევს ისეთ რყევებს და პრობლემებს, რომელიც ფინანსურ სექტორზე აისახება, ისევე, როგორც მარეგულირებლების და საჯარო უწყებების მიმართ ნდობაზე.
მარტივად პროგნოზირებადია, რომ FATF-ის შეფასებაში საქართველო მოხვდება ნაცრისფერ ზონაში, რაც გამოიწვევს ნდობის შემცირებას. ეს საბოლოო ჯაში, დარტყმა იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც", - განაცხადა კლდიაშვილმა "ანალიტიკაში".
ცნობისთვის, IDFI-მ კვლევა გამოაქვეყნა, ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტები და საგადასახადო კოდექსში შეტანილი სადავო ცვლილებები (ე.წ. ოფშორების კანონი“) საქართველოში.