პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა. მიმდინარე დღის სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში, Bank of Georgia Group-ის აქციების ღირებულება თითქმის 12%-ით დაეცა. ვარდნაა Georgia Capital-ის დაTBC Bank Group-ის შემთხვევაშიც.
ქართული დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტაც. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 4.59 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა 5.72 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც.
კერძო სექტორში ამბობენ, რომ ქვეყანაში ბიზნესაქტივობა შეჩერებულია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კი უცხოელი ვიზიტორები სასტუმროებში ჯავშნებს აუქმებენ.
„რუსული კანონის ინიცირება უკვე საფუძველშივე იყო დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ ჩვენი პარტნიორები და ლოგიკურიც იყო, რომ ასეთ გართულებულ ვითარებაში და კრიზისულ სიტუაციაში სერიოზულად აისახებოდა ეკონომიკურ სექტორზე და ეს ასეც მოხდა“-ასე გამოეხმაურა IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში რუსული კანონის გავლენით ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს.
მისი თქმით, რუსული კანონის ნეგატიური ეფექტი კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება მას შემდეგ, თუ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს დასავლეთი ფინანსურ სანქციებს დაუწესებს.
„ჯერ კანონი ძალაში არ შესულა, ამას არ მოჰყოლია კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რასაც ჰქვია კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება, რაზედაც საუბარი მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ ის ვითარება, რაც კანონის მესამე მოსმენის მიღების შემდეგ მეორე დღეს ხდება ეკონომიკური უკუეფექტის თვალსაზრისით. კარგად გახსოვთ ჩვენი ხელისუფლება როგორ იწონებდა თავს გაზრდილი ეკონომიკის მაჩვენებლით და ა. შ და ზოგადად ქვეყანაში მზარდი ეკონომიკის თვალსაზრისით ვითარებაზე. ეს ყველაფერი უკუპროპორციულად აისახა უკვე კანონის განხილვების პერიოდში, როცა მასობრივი აქციებია ქვეყანაში.
წარმოიდგინეთ ერთ დღეში რა უკუეფექტი აქვს ამ კანონის მიღებას და ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, თუ ახლა თავისთავად სანქციების ქვეშ მოექცნენ თანამდებობის პირები ან კონკრეტული პიროვნებები, რამდენად იქონიებს ეფექტს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და არა გართულებული კრიზისული მდგომარეობა, რაც შეიძლება მოხდეს კონკრეტული სანქციების და მექანიზმების ამოქმედების შემდეგ.
იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ემუშავა ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ეზრუნა იმაზე, რომ შესრულებულიყო 9 პუნქტი, რაც გამოიწვევდა დიდი ალბათობით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და გამოიწვევდა სერიოზულ ეკონომიკურ დახმარებას ევროკავშირის მხრიდან. აქ საუბარია მილიარდობით ევროზე, რომელსაც დარგობრივად ყველა მიმართულებით მიიღებდა საქართველო იმისთვის, რომ მიახლოებოდა ევროკავშირის სტანდარტებს. მილიარდობით დახმარებას მიიღებდა ჩვენი ხალხი და ცხადია, ეს აისახებოდა ეკონომიკაზეც და გაიზრდებოდა ეკონომიკა ძალიან სერიოზულად.
ცხადია, როცა დამოკიდებული ხარ მსოფლიო ეკონომიკაზე, შენი კომპანიები, საფინანსო ინსტიტუტები ვაჭრობენ ლონდონის ბირჟაზე აქციებით, ცხადია ეს აისახებოდა და აისახება ტურიზმზეც, რომელიც ეკონომიკის თვალსაზრისით ქვეყანაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.
როცა ასეთი ვითარებაა, ასეთი კრიზისია, ცხადია ტურისტებიც აღარ ჩამოდიან, ესეც აისახება ამ ყველაფერზე. ამიტომ ერთობლიობაში ეს ძალიან დიდი პრობლემაა“,-განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.