2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის პარალელურად, პრეზიდენტის ვეტო ე.წ. "ოფშორების კანონზეც" დაძლია, რაც "ოფშორულ კომპანიებს" საქართველოში ფიზიკური აქტივების (ხელოვნების ნიმუშები, ძვირფასი ქვები და სხვა) იმპორტისას დღგ-ის გადახდა არ მოუწევთ. პირობითად თუკი კონკრეტული ხელოვნების ნიმუშის ღირებულება 100 მილიონი ევროა, მისი ღირებულების 18% ანუ 18 მილიონი ევრო, ანუ 54 მილიონი ლარი ამ ნახატის მფლობელმა საქართველოში იმპორტისას უნდა გადაიხადოს, თუმცა ამ შეღავათის გათვალისწინებით ნახატის მფლობელს 0 ლარის გადახდა მოუწევს.
აღნიშნული კანონის პარლამენტში ინიცირებისთანავე ოპოზიცია და ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ იმაზე, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილზე იყო მორგებული და ის სანქცირებული რუსი ოლიგარქების მიერ ქვეყანაში აქტივების შემოტანის რისკებსაც ქმნიდა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიუთითებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანაში ინვესტიციებს წაახალისებდა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" და "ფლანგვის დეტექტორმა" გამოაქვეყნეს ერთობლივი კვლევა, რომელშიც ოფშორების კანონის მოსალოდნელი შედეგები არის აღწერილი. ნაშრომის თანახმად, საქონლის ძირითადი კატეგორიები, რომლებზეც ამ კანონის შედეგები გავრცელდება, არის ხელოვნების ნიმუშები და იუველირული ნაწარმი, რადგანაც ისეთი საქონელი, როგორიცაა თვითმფრინავები და გემები საქართველოში იმპორტისას დღგ-ს გადასახადისგან ისედაც გათავისუფლებულია. შესაბამისად, ნაშრომის თანახმად, ივანიშვილი, რომელთან დაკავშირებითაც აშშ ფინანსური სანქციების დაწესებას განიხილავს, $1-მილიარდიანი ხელოვნების ნიმუშების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში გადასახადებს არ გადაიხდის.
"საგადასახადო კოდექსის ცვლილებები არა მხოლოდ საწარმოების მოგების გადასახადისგან, ერთჯერადად გათავისუფლებას გულისხმობს, არამედ მოიცავს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ შემოტანილი აქტივების იმპორტის გადასახადებისგან, ისევე ქონების გადასახდელისგან გათავისუფლებას 2030 წლის 1 იანვრამდე.
უფრო კონკრეტულად კი, ახალი საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ოფშორული კომპანია, თუ გადაწყვეტს საქართველოში შემოიტანოს: ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები, ანტიკვარიატი, ძვირფასი ლითონები (ოქრო, ვერცხლი, პლატინა), ძვირფასი ქვები (ალმასი, მარგალიტი, სხვა), ძვირფასი ლითონისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები.
შეღავათის შემოღებამდე ზემოთ აღნიშნული საქონელი 12-18%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა, რაც აღარ მოხდება საგადასახადო კოდექსის ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ.
საზოგადოებისთვის ფართოდ არის ცნობილი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების განსაკუთრებული სიყვარული ხელოვნებისდმი.
2024 წელს გამოქვეყნებული ბლუმბერგის მონაცემებით, მისი ხელოვნების ნიმუშების კოლექციის 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შეღავათის ამოქმედება კი საშუალებას მისცემს ბატონ ივანიშვილის მისი ნახატები საქართველოში დაბეგვრის გარეშე შემოიტანოს.
თუ გავიხსენებთ მისი თუნდაც ერთეული ნახატის ღირებულებას, ნათლად დავინახავთ რა ოდენობის შემოსავალს დაკარგავს ბიუჯეტი აღნიშნული ცვლილებით.
მაგალითად: ბიძინა ივანიშვილის ნახატების კოლექციაში აღმოვაჩენთ პაბლო პიკასოს ცნობილი ნამუშევარს “Dora Maar au Chat”- ს რომელიც მან 2006 წელს ნიუ-იორკის Sotheby's აუქციონზე 95,216,000 აშშ დოლარად შეიძინა. პაბლო პიკასოს ეს ნახატი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია მსოფლიოში.
ეს შეღავათი არ ვრცელდება კონკრეტულ პირზე, არამედ ყველაზე. შესაბამისად, სხვა ოლიგარქებსაც აძლევს საშუალებას, რომ ქონება საქართველოში გადასახადების გარეშე შემოიტანონ.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 1 ოქტომბრის №329 ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, იმპორტიორი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წინასწარი განცხადება დოკუმენტაცია, იმისათვის რომ იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლდეს. დოკუმენტაციების შესწავლის შემდეგ, შემოსავლების სამსახური 10 დღის ვადაში აცნობებს იმპორტიორს გადაწყვეტილებას საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე.
მინისტრის ბრძანებაში შესული ეს ცვლილება დადებითად შეიძლება შევაფასოთ, თუმცა არ გამორიცხავს იმ რისკებს რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ,"- ნათქვამია ნაშრომში.