მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცოტა კომიკურია, არ ვიცი, რა გითხრათ" - გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე

64a9a4241de27
თამთა ჯიჯავაძე
08.07.23 21:57
1158
ცოტა კომიკურია, არ ვიცი, რა გითხრათ - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა CEO-მ, გიორგი ბაჩიაშვილმა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე კომენტირებისას „ტვ პირველს“ განუცხადა.

მისი თქმით, რატომ გახდა რვა წლის შემდეგ საკითხი აქტუალური, მისთვის ამოუცნობია. მისი ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ სწორედ რვა წლის წინ ივანიშვილის თანხა მიითვისა, რეალურად კი საუბარია სესხზე, რომელიც უკვე გადახდილია.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ მრჩეველს 8 253 ცალ ბიტკოინის მითვისებას ედავებიან, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში 39 მილიონი დოლარი იყო. დღევანდელი კურსით კი ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს.

გიორგი ბაჩიაშვილს, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებების დაცვის პროცესში საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი ჩაერთო, რომლის მმართველი პარტნიორიც, რობერტ ამსტერდამი პროკურატურის მიერ 6 ივლისს გაჟღერებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები