წერილი საქართველოს მთავრობას აცნობებს, რომ OGP-ის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველო OGP-ის კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტის (C&S) შემოწმებას დაექვემდებარება. მათი ცნობით, შემოწმების პროცესი მოიცავს შესწავლას და მხარდაჭერას C&S-ის, მხარდაჭერის ქვეკომიტეტისა და მმართველი კომიტეტის მხრიდან, რათა ის საკითხები მოგვარდეს, რის გამოც საქართველო შემოწმების ქვეშ მოექცა.
იმისათვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს უმოქმედოდ აღიარების რისკი და მოგვარდეს შემოწმების პროცესი, საქართველომ არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა ახალი სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს.
მსგავსი წერილი ერთი წლის წინ, 2022 წლის თებერვალში მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელს ილია დარჩიაშვილსაც გაეგზავნა მას შემდეგ, რაც საქართველომ სამოქმედო გეგმა პირველად ვერ წარადგინა.„ღია მმართველობის პარტნიორობა“ 78 წევრ სახელმწიფოს და 76 ადგილობრივ მთავრობას აერთიანებს.
მისი მიზანია კორუფციასთან ბრძოლა და გამჭირვალე, ეფექტური და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა, ასევე, ამ მიზნებისთვის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება და მოქალაქეთა ჩართულობა პოლიტიკის განხორციელებაში.
შეგახსენებთ, რომ OGP მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მთავრობების ღიაობას, გამჭვირვალე გახადოს სახელმწიფო ფინანსების განკარგვა და გააუმჯობესოს საჯარო სერვისების მიწოდება. ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი მოიცავს სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობით ჩართულობას ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების განხორციელებაში.