მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოკაცეს კანიონი, სავარაუდოდ, 2024 წლის მაისის ბოლოს გაიხსნება“ - დაცული ტერიტორიების სააგენტო

ოკაცე

ოკაცეს კანიონის ტურისტულ ობიექტზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების სავარაუდო პერიოდი 2024 წლის მაისის ბოლოა, რის შემდგომაც, განახლებული ობიექტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ BM.GE-სთან დაცული ტერიტორიების სააგენტომ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად, ოკაცეს კანიონზე მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მიმავალ 2,5 კილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე არსებული 11 ხიდის სრულფასოვანი რეაბილიტაცია-აღდგენის სამუშაოები.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო ემზადება აქტიური ტურისტული სეზონისთვის, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს ობიექტების მოწყობა-განახლების სამუშაოები, მათ შორის, ოკაცეს კანიონზე, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ტურისტულად აქტიურ ადგილმდებარეობას წარმოადგენს.

ამჟამად, ოკაცეს კანიონზე, ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მიმავალ 2,5 კილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე არსებული, 11 ხიდის სრულფასოვანი რეაბილიტაცია-აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ოკაცეს კანიონის 1 000 მეტრამდე სიგრძის კიდული ბილიკის ძველი საღებავისგან გასუფთავება და განახლება. აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, სამღებრო სამუშაოების საერთო მოცულობის დაახლოებით 50% დასრულებულია, კონსტრუქციის დარჩენილი ნაწილი უკვე გასუფთავებულია ძველი საღებავისგან, დაგრუნტულია და მომზადებულია სამღებრო სამუშაოების ჩასატარებლად.

აღსანიშნავია, რომ ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურული პროექტის მთლიანი ღირებულება 864 555 ლარს შეადგენს “,- აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

რაც შეეხება ოკაცეს კანიონში შესვლის ღირებულებას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ღირებულება გაზრდილია. ოკაცეს კანიონში შესვლის ღირებულება საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის - 9,20 ლარის ნაცვლად - 12 ლარით განისაზღვრა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარია.

ინფორმაციისთვის, ოკაცეს კანიონი მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან სტუმრებისთვის დაიკეტა. რის მიზეზადაც, დაცული ტერიტორიების სააგენტო ინფრასტრუქტურული განახლება სახელდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები