მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოკრიბა:“ თუ მონიტორინგი იქნება, რეფორმა „ხიშნიკების“ პრობლემას მოაგვარებს

ავტოსადგური

მომავალი წლის ივნისიდან საქართველოში ერთმანეთთან 150 კმ დაშორებულ ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით და მინივენებით მგზავრების რეგულარული გადაყვანა იკრძალება. ტექნიკური რეგლამენტით, თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა მოხდეს.

სადგურ „ოკრიბას“ იურისტის პაატა ყვავაძის თქმით, რეფორმის მომზადების პროცესში ავტოსადგურები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან კომუნიკაციაში იყვნენ, მომზადებული დოკუმენტი კი ბიზნესისთვის მისაღებია. ყვავაძე იმედოვნებს, რომ რეფორმა, რომელიც ავტოსადგურების მოწესრიგებასთან ერთად მგზავრთგადამყვანი ტრანსპორტის ნაწილის რეგულირებასაც მოიაზრებს, ბაზრიდან არალეგალურად მომუშავე მძღოლებს გააქრობს. კანონის რეალობაში ქცევისთვის კი „ოკრიბაში“ მონიტორინგის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

რაც შეეხება გავლენას მომხმარებლებზე, ამ ეტაპზე ავტოსადგურის წარმომადგენლებს უჭირთ საუბარი იმაზე, რამდენით გააძვირებს რეფორმა მგზავრობის ტარიფებს.

„მიმდინარე წელს დაიწყო სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც ორ ნაწილს მოიცავს, ავტოსადგურების მოწესრიგებას და გადამზიდავების საკითხს. აქ რეგულირდება ის სატრანსპორტო საშუალებები, რითიც უნდა განხორციელდეს მგზავრთა გადაყვანა. ჩვენ ვხვდებით ტექნიკურ რეგლამენტში ჩანაწერს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელიც არის M3 ევრო 4-ის სტანდარტის მხოლოდ ის განახორციელებს 150 კმ მანძილზე სვლაგეზს ანუ რეისს.

M3 დეფინიციის მიხედვით უნდა იყოს 8-ზე მეტი დასაჯდომი (მძღოლის გარეშე) და უნდა აღემატებოდეს 5 ტონას. ეს არის ავტობუსის სტანდარტი, მაგრამ ჩვენ რასაც ვეძახით მიკროავტობუსებს, შესაძლებელია მათითაც მოხდეს რეისი მაგრამ ის M3 კატეგორიის სტანდარტში უნდა იყოს მოთავსებული, ანუ 5 ტონაზე მეტი უნდა იყოს. მეორე სტანდარტი რაც გადამზიდავებთან არის წაყენებული, ეს ეხება ევრო 4-ის სტანდარტს. აქ იგულისხმება ევროკავშირის სტანდარტების ერთიანობა, რაც ნიშნავს 2005 წლიდან გამოშვებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

ავტოსადგურმა „ოკრიბამ“ ახლა დაიწყო ძირეული სტატისტიკის გაკეთება და დავინახავთ სად იქნება ადმინისტრაციის ჩართვის საჭიროება, რა მიმართულებით მოგვიწევს პარკის განახლება და ა.შ. ამ მხრივ მონაცემები მალე გვექნება.

არაერთი შეხვედრა გვქონდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან, ჩვენთან კონსულტაციის შედეგად მოხდა რეფორმის შემუშავება. იცით, რომ 30 წელია რეფორმა არ გატარებულა ამ სფეროში, როცა გყავს არალეგალური მძღოლები, რომლებსაც ჩვენ „ხიშნიკებს“ ვუწოდებთ, მათთან ერთად რთულია ბალანსის შექმნა და სტანდარტების აწევა. ჩვენ თუ მოვახერხებთ პროექტის სწორ შეფასებას, შეიძლება ითქვას რომ ის მოაგვარებს ამ პრობლემას, თუმცა მთავარია იმ ინსტრუმენტების სრულად გამოყენება რაც რეგლამენტშია. აუცილებელია სრული და დროული მონიტორინგი, ეს თუ ასე მოხდება არალეგალური გადამზიდავები ქვეყანაში აღარ იქნებიან,“ - განაცხადა პაატა ყვავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები