მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ აფხაზეთში, შესაძლოა, უცხოელებს ბინების შეძენის უფლება მისცენ - კანონპროექტი

63ef3ddf139c2
გიგა ბენია
17.02.23 23:55
1112

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა აპირებს, უცხოელებს ნება დართოს, უძრავი ქონება ააშენონ ან შეიძინონ. აღსანიშნია, რომ ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება არ აქვთ [უძრავი ქონების შეძენა აკრძალულია აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვისაც].

კანონპროექტი "აპარტ-სასტუმროებისა და ბინების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ" დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ბინები არა საცხოვრებელ უძრავ ქონებად, არამედ კომერციულ, გასაყიდ ფართებად ჩაითვლება.

"ბინებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება, ბინის ფლობის უფლება კი მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღებას არ გულისხმობს", -აღნიშნულია კანონპროექტში.

დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ცვლილება „აფხაზეთს საშუალებას მისცემს ინვესტიციები მოიზიდოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას“. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა აფხაზი ბლოგერი იზიდა ჭანია წერს, რომ შეხვედრაზე მხოლოდ რუს ბიზნესმენებს დაუძახეს.

"ის, რომ აფხაზეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ორიენტირებულია არა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, არა აფხაზური ბიზნესის მხარდაჭერაზე, არამედ უცხოელი ოლიგარქების მადის დაკმაყოფილებაზე, მე პირადად ამაში ეჭვი არ მეპარება. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ყოველი ახალი ინიციატივა მდიდრებზე ზრუნვაა, აფხაზეთის მოქალაქეების საზიანოდ",- წერს ბლოგერი „ეხო კავკაზის“ გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები