მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს ვაქცინაციიც პროცესში ჩართვა შეეძლებათ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის გამოყოფილია, დაახლოებით, 500 დოზა ვაქცინა და მათ არჩევანის თავისუფლება ექნებათ.
რაც შეეხება 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რომელთა ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მათაც ექნებათ არჩევანის თავისუფლება და დოზებზე შეზღუდვაც არ დაწესდება.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას. რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება, ვინაიდან ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებულად უნდა გაიარონ ყველა პროცედურა. დამატებითი სქემა, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით იქნება იგივე, რაც საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის გვაქვს. ყველა ექიმი და ის რისკ-ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია იმუნიზაციის ჯგუფის მხრიდან, მათი ვაქცინაცია წარიმართება იგივე სქემით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ვაქცინაცია მოხდება უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში, წარადგენენ დოკუმენტაციას და გაიკეთებენ აცრას.




























